სახელმწიფო მინისტრი ქართველი  მოსწავლეების გადაადგილების უფლების შეზღუდვას გმობს

სახელმწიფო მინისტრი ქართველი მოსწავლეების გადაადგილების უფლების შეზღუდვას გმობს

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ეთნიკურად ქართველი სკოლის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების, წყოუშისა და ფახულანის სკოლების პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

აპარატის ინფორმაციით,  მათ განუცხადეს, რომ სწავლის გასაგრძელებლად მიაკითხონ საბერიოს სკოლას, სადაც სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

„ეს არ არის ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება განახორციელონ მსგავს ფაქტებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.