როგორც ცნობილი გახდა, ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, იგივე ანა გურჯი სკანდალურ ფილმში - „ისლამის უცოდველობა“ ერთ-ერთ როლს ასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, თავად ანა ავრცელებს უცხოურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული წერილით, სადაც ანა ამბობს, რომ არც მან და არც სხვა მსახიობებმა, ფილმის შემქმნელების რეალური გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ.
„მუჰამედი გადაღებების დროს არავის უხსენებია. ხალხის კითხვაზე, რა რეაქცია მქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ერთადერთი პასუხი მაქვს - შოკი! სიმწრის ტირილი წამსკდა - ვერ ვხვდები, როგორ გამოიყენეს ჩვენი სახეები ასეთი მიზნით, ისე რომ ჩვენ არც კი გვითხრეს“ - წერს მსახიობი და აღნიშნავს, რომ არ დაიმალება, მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არაა და ამის გამო ძალიან ეშინია.
„არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მე არ ვიმალები, რადგან დასამალი არაფერი მაქვს“ - წერს ანა გურჯი.
გადამღები ჯგუფის ყველა წევრი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერებმა მსახიობები შეცდომაში შეიყვანეს და ფილმის რეალური შინაარსი არ აცნობეს. ინგლისურენოვანი გახმოვანება, სკანდალური ტექსტი, რამაც გამოიწვია პროტესტი, როგორც გაირკვა ფილმს მოგვიანებით დაადეს. ეს შესამჩნევიცაა, რადგან მასში ხმა მაშინ ისმის, როცა მსახიობები კადრში არ ჩანან, ხან კი მათი არტიკულაცია გახმოვანებას არ ემთხვევა.
შეგახსენებთ, „ისლამის უცოდველობა“ არის ფილმი, რომელმაც მუსულმანური სამყარო ამერიკას დაუპირისპირა. ფილმი წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებაა გადაღებული.
ანა გიორგობიანი, იგივე ანა გურჯი 1991 წლის 1 აპრილს დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ქართულ ფილმში - „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005). 2007 წელს, ანამ მიიღო როლი ამერიკულ ტელე-პროექტში „სიგნალები“. პარალელურად ის მიიწვიეს რეჟისორ დუსან რაპოსის 2008 წლის სლოვაკურ-უნგრულ ფილმში „ჩინკა პანა“, სადაც მსახიობი მთავარ, მე-18 საუკუნეში მცხოვრებ მევიოლინე გოგონას როლს ასრულებს.