ვანო მერაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს სტუმრობს

ვანო მერაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე სოფელს ესტუმრა.  პრემიერ–მინისტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

ვანო მერაბიშვილმა ხვარაძეების ოჯახში გაზქურა პირველმა აანთო და მათ მთავრობის მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ,  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასურის დაფარვა 1000 ლარიანი ვაუჩერის მეშვეობითაც შეეძლება, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ კვარცხუთში სეტყვისგან დაზიანებული ვენახების მეპატრონეებს და ადგილობრივი ღვინის ქარხნის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტებს, ხოლო დაზიანებულ ყურძენს ადგილობრივი ღვინის ქარხნები 1 კილოგრამს 1.5 ლარად ჩაიბარებენ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, დაზიანებული ყურძნის მოსავლის დროულად, უახლოეს დღეებში დაბინავებაზე. ამ მიზნით,  ვანო მერაბიშვილმა ადგილობრივ გამგეობას დაავალა,  დაეხმარონ სტიქიისგან დაზარალებულ მევენახეებს მოსავლის აღებაში და ტრანსპორტირებაში.

გარდა ამისა,  პრემიერ–მინისტრმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში შპს „ალექსანდროულის“ ღვინის ქარხანაც დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელობას ყურძნის, მათ შორის სტიქიისგან დაზიანებული მოსავლის, დროულად მიღება–გადამუშავების დეტალებზე ესაუბრა.