ქუთაისელმა მეტალურგებმა იმდენი მოახერხეს და ქარხანა “ჰერკულესის” ადმინისტრაციამ ისე “მოინდომა”, რომ საწარმო თითქმის მთლიანად გაჩერებულია. მუშა-მოსამსახურეთა 70% გაფიცულია, ხოლო ზარალი დღითი დღე იზრდება.
უკვე მესამე დღეა ქუთაისში შპს “ევრაზიანსთილსის” ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. გაფიცულ მუშებს ყოველდღე ათეულობით მუშა უერთდება. თავდაპირველად პროტესტის დაუფარავად გამოხატვა დაიწყეს ღამის ცვლის მუშებმა, მოგვიანებით მათ შეუერთდა პირველი ცვლის პერსონალიც.
“ჰერკულესის” ხემლძღვანელობა, როგორც ჩანს, ასეთმა მასშტაბებმა შეაფიქრიანა და საკონტაქტო გზების გამოძებნა წამოიწყო. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გაფიცულ მუშებს მოლაპარაკებების დაწყებას დაპირდა იმ შემთხვევაში თუ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან. აღნიშნულ შეთავაზებაზე მუშებთან შუამდგომლობა ადმინისტრაციამ პროფკავშირს სთხოვა, თუმცა მათ დახმარებაზე უარი განაცხადეს.
“ქარხანა, პრაქტიკულად, გაჩერებულია, რადგან იქ მომუშავე ინდოელი მუშების რაოდენობა არ არის საკმარისი ქარხნის ასამუშავებლად. ადმინისტრაციამ გვთხოვა, რომ მათ მუშებთან შუამდგომლობა გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, მუშების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ გაფიცულების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.
“ევრაზიანსთილსის” ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლებმა პირველი გამაფრთხილებელი აქცია 2 სექტემბერს გამართეს, რომლის შემდეგ “ჰერკულესიდან” ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, იყო თანამშრომლებზე მუქარისა და ფიზიკურ ზემოქმედების შემთხვევებიც.
გაფიცული თანამშრომლები ნორმალურ სამუშაო პირობებს, კუთვნილი შვებულების მიღებას, ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს, კანონით გათვალისწინებულ სამუშაო საათებს, გადაწყვეტილებების მოლაპარაკების გზით მიღებას ითხოვენ.
“უთანხმოება დღეს არ დაწყებულა, 2 წელია გროვდება ეს მუხტი. ქარხნის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, თითი არ გაუნძრევია ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გამაღიზიანებელია გაფიცულებისადმი მათი დამოკიდებულებაც. იმის ნაცვლად, რომ დიალოგი წამოიწყონ, სამუშაო ადგილების ჩანაცვლებას ცდილობენ. რამდენიმე ადამიანი მოიყვანეს კიდეც, ქართველების სამუშაო ადგილებზე ინდოელები გადაანაწილეს, რომლებიც ცვლის გარეშე იმუშავებენ. ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ წესრიგია და მუშათა გაფიცვით ქარხანას არაფერი დაკლებია.
გაფიცვამდეც ბევრჯერ ვცადეთ კონსტრუქციული დიალოგის დაწყება დამსაქმებლებთან, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. “ჰერკულესში” არსებული მდგომარეობის შესახებ საგანგებო წერილი მივწერეთ ქუთაისის მერიას, საკრებულოს და სამხარეო ადმინისტრაციას. პასუხად მივიღეთ, რომ მსაგვსი საკითხების მოგვარება სასამართლოს პრეროგატივაა. ასე გვპასუხობენ იმ უწყების თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეების არჩეული არიან და მათი უფლებების დაცვა ევალებათ”, - აცხადებს საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძემ.
ქუთაისურ “ჰერკულესში” 350 საქართველოს მოქალაქე და 150 ინდოელი მუშაობს. შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე დირექციის განკარგულებაში მხოლოდ ინდოელები არიან დარჩენილნი, რომლებიც 500 ადამიანის საქმეს ვერ აუდიან. ამიტომაც საწარმო, პრაქტიკულად, გაჩერებულია.
920
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85