საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გაკეთებული საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა, რომ თუკი რაიმე რეფორმით ამაყოფს, ეს განათლების რეფორმაა.
„საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა 47 ათასი ჩვენი პირველკლასელისა და 24 ათასი სტუდენტისთვის, რომლებიც პირველად წავიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ესაა მნიშვნელოვანი დღე ქართული სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ თუკი რაიმე რეფორმით ვამაყობთ, ესაა განათლების რეფორმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, განათლების სისტემისადმი მთავრობის დამოკიდებულება სამ პრინციპს ეფუძნება, რომლებიც სოციალურ თანასწორობას, უსაფრთხო გარემოსა და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებას გულისხმობს.
„რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ. 1. ესაა სოციალური თანასწორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობ - ქალაქის ცენტრში თუ გარეუბანში, შენ უნდა იღებდე ისეთივე განათლებას, როგორც შენი თანატოლი. დღეს ყველა პირველკლასელს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა, მიეცა „ნეთბუქი“ (საქართველოში გამოშვებული და ესეც უნიკალურია, რადგან ჩვენს რეგიონში სხვა არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქარხანა არ აქვს). ყველა ოჯახში შევიდა დაახლოებით 200 დოლარის ღირებულების საჩუქარი, ყველა სოციალურად დაუცველს დავურიგეთ დაახლოებით მილიონ 100 ათასი ლარის ღირებულების უფასო წიგნები, ყველა ოჯახისთვის სახელმძღვანელოები გაიაფდა. 2. უსაფრთხო გარემო – ერთ-ერთი ბუდე ორგანიზებული დანაშაულისა და ქუჩის წვრილმანი ქურდობისა იყო სკოლაში. დღეს საქართველოში სკოლები არის ერთ-ერთი უსაფრთხო მსოფლიოში. 3. განათლების ხარისხი – დასაქმებაზე ორიენტირებული განათლება. ჩვენ მარტო ის კი არ გვინდა, რომ დიპლომს იღებდნენ, ჩვენ გვინდა, რომ ატესტატით, დიპლომით, სერტიფიკატით ისინი ცხოვრებაში პოულობდნენ გასაქანს საქართველოსა და მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ გავხსენით 20 ტექნოლოგიური კოლეჯი და ვაპირებთ, რომ ეს ქსელი გავაფართოოთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განათლება იყოს კონკურენტუნარიანი საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ.