თუ სიები არ იქნება ზუსტი, ამას პირველ რიგში მოსახლეობა იგრძნობს  და თავად გადაწყვეტს,  რა უნდა მოიმოქმედოს

თუ სიები არ იქნება ზუსტი, ამას პირველ რიგში მოსახლეობა იგრძნობს და თავად გადაწყვეტს, რა უნდა მოიმოქმედოს

 "არჩევნების მასობრივი გაყალბება მოსალოდნელი არ არის, ხოლო თუ ეს მართლაც მოხდება, ამომრჩეველი თავად გაერკვევა და სხვადასხვა პარტიების დაძახების გარეშე ქუჩაში გამოვა“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ერთმა ლიდერმა, დღეს „ივერონის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ მუდმივი მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდება, მიზანშეწონილი არ არის, რადგან, ამას ამომრჩეველი ნიჰილიზმამდე მიყავს.

პარტიის ლიდერის განმარტებით, საუბარი იყო იმაზეც, რომ საარჩევნო სიაც სიყალბეებს შეიცავს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ნაჭყებია აცხადებს, რომ თუ ის გაყალბებულია, ძალიან მარტივად შესაძლებელია ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარი მონაცემები sms-ით რამდენიმე წამში გადაამოწმოს.

„ასე რომ, თუ სიები არ იქნება ზუსტი, ამას პირველ რიგში იგრძნობს მოსახლეობა და თავად გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს“-განაცხადა ნაჭყებიამ.

მისივე მტკიცებით, მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული და არც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება უმრავლესობაში, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ მემარჯვენე ძალებთან ერთად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მემარცხენე პოლიტიკური ძალა - „ლეიბორისტული პარტიაც“.

„მიგვაჩნია, რომ მართლაც არის რეალური შესაძლებლობა, ქვეყანას მრავალპარტიული, დაბალანსებული პარლამენტი ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი ¾-ით რომელმე პარტია“-განაცხადა ნაჭყებიამ.