ქდმ-მ ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან აქცია და კონცერტი გამართა

ქდმ-მ ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან აქცია და კონცერტი გამართა

„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან აქცია გამართეს.

მოძრაობის ლიდერებმა, გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახლედიანმა, ინგა გრიგოლიამ და მაგდა ანიკაშვილმა ტრიბუნიდან მხარდამჭერებს მიმართეს და მათ "ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პრიორიტეტები და გეგმები დეტალურად გააცნეს.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას დასცინის, როცა ქვეყნის მიღწევებსა და წარმატებებზე, ბევრს საუბრობს და ამ დროს კი პენსიონერები მათთვის აუცილებელ მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობენ.

"ნაციონალური მოძრაობა" დაგვცინის, როდესაც ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაში მიღწეულ წარმატებებზე მაშინ, როდესაც ქართველი გლეხების და ფერმერების უმეტესობა ვერ ახერხებს სასუქის ყიდვას და საწვავის შეძენას. ჩვენ კუთხეში მივაყენებთ "ნაციონალურ მოძრაობას" და მივაღწევთ იმას, რომ განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა "მგზავრებმა", "ნიკოლშოუმ", "ქუჩის ბიჭებმა" და ნინი ქარსელაძემ მიიღეს.