რამდენიმე დღის წინ სტუდენტების მიერ დაწყებულისაპროტესტო აქცია დღეს, ისევ განახლდა. აქციის მონაწილეები პროფესორ-მასწავლებლებისა და ლექტორების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას აპროტესტებენ.
სტუდენტებმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემები პლაკატებით წარწერით: "ავტონომია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს", "გადადგეს სანდრო კვიტაშვილი", "დააბრუნეთ გათავისუფლებული ლექტორები" დღეს უნივერსიტეტის პირველ, მესამე და მეექვსე კორპუსთან გააპროტესტეს.
უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მთავარი რედაქტორი და უნივერსიტეტის ლიტერატურული სახელოსნოს ხელმძღვანელის, ლექსო დორეულის შეფასებით, დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აღმზრდელ ფაბრიკად გადაიქცა.
მისი განმარტებით, სტუდენტებმა პროტესტის ადმინისტრაციული ფორმების ყველანაირი მეთოდი ამოწურეს, ამიტომ ისღა დარჩენიათ, თავიანთი უფლებების დასაცავად აქციების გზას მიმართონ.
რა პრობლემებს ხედავენ სტუდენტები დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში, კონკრეტულად ვის მიმართ აქვთ პრეტენზიები და რა შედეგს ელოდებიან პროტესტის აღნიშნული ფორმებით, From.ge უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მთავარ რედაქტორს და უნივერსიტეტის ლიტერატურული სახელოსნოს ხელმძღვანელს, ლექსო დორეულს ესაუბრა.
რა პრობლემებს ხედავთ დღეს განათლების სისტემაში და რას უკავშირდება თქვენი მთავარი მოთხოვნები?
-პირველი პრობლემატიკა, რაც დღეს უმაღლეს სასწავლებლებშია და რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის ის, რომ უნივერსიტეტმა ფაქტიურად დაკარგა თავისი პროფილი და ის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ისეთ ინსტიტუტად გადაკეთდა, რომელიც არა თუ სტუდენტზეა ცენტრირებული, არამედ წარმოადგენს ერთი კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აღმზრდელ ფაბრიკას.
უნივერსიტეტი ადრე, კომუნისტურ პერიოდშიც კი, ძალიან კარგი საგანმანათლებლო და ლექტორსა და სტუდენტს შორის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა იყო. ის სწორედ ამით ინარჩუნებდა აღნიშნულ საგანმანათლებლო სტატუსსა თუ პედაგოგიურ მნიშვნელობას, დღეს კი ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობის ფორმა გახდა. ეს ნიშნავს უნივერსიტეტის პროფილის შეცვლას, რაც განათლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. დღეს ის იმ ფაბრიკად გადაიქცა, რომელმაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უნდა აღზარდოს.
რამდენად რეალურია დღესდღეობით არსებული მოთხოვნების წამოყენება?
-მართალია, მე არ მჯერა, რომ ეს მოთხოვნები დღევანდელ საზოგადოებაში რეალურია, თუმცა ჯანსაღ საზოგადოებაში ეს რა თქმა უნდა რეალურია. იქედან გამომდინარე, რომ მას აქვს სერიოზული როგორც საკანონმდებლო, ისე მორალური საფუძველი. განათლების იმ სისტემაში, რაშიც ჩვენ გვიწევს სწავლა თუ განათლების მიღება, საერთოდ არ არის გათვალისწინებული სტუდენტების უფლებები.
ჩვენ სტუდენტებს საერთოდ არ გვეკითხებიან ვინ გვინდა გვასწავლოს, როგორ ან რა გვინდა ვისწავლოთ. ყველაფერს განკარგავს რეგენტთა საბჭო, რომელიც განათლების სამინისტროს მიერა დადგენილი. გამოდის, პირობითად რომ ვთქვათ, მე ვარ ცხვარი, ვიხდი ფულს იმაში, რომ ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი წესებით, ვითამაშო და არა ვისწავლო. საგანმანათლებლო სისტემაში არ არსებობს არცერთი პუნქტი, რომელიც ამ პროცესთან სტუდენტის ურთიერთობას რაღაცნაირად მაინც მოაწესრიგებს.
მსგავსი ტიპის პროტესტით და აქციებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია შედეგის მიღება?
- თუ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული ამან შედეგი უნდა გამოიღოს. იმიტომ, რომ ეს სულისკვეთება არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიზანდასახულობის შედეგი. ეს ზოგადად ყველას პრობლემაა. იმიტომ რომ მე დღეს გამითავისუფლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების საუკეთესო ლექტორი - გია ბარამიძე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ერთ ერთი საუკეთესო და საინტერესო მოაზროვნეა.
ერთია იყო კარგი მოაზროვნე და მეორე კარგი ლექტორი. გია ბარამიძე არის, როგორც კარგი მეცნიერი, ასევე კარგი ლექტორი. მას უდიდესი გამოცდილება აქვს სტუდენტებთან ურთიერთობის და ჩემს ფაკულტეტზე არ არსებობს მეორე ლექტორი, რომელიც ისე ახლოს და მჭიდროდ თანამშრომლობს სტუდენტთან, როგორც ის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ამიტომ მისი გაშვება არის უნივერსიტეტის სირცხვილი, უმაღლესი სასწავლებლის ინტელექტუალური გაღარიბება.
ანუ, ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში აქციები დარჩა?
-ჩვენ ამოვწურეთ პროტესტის ადმინისტრაციული ფორმების ყველანაირი მეთოდი. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანთან, ლექტორებთან, უნივერსიტეტის სხვადასხვა თანამშრომელთან, თუმცა პასუხი ყოველთვის იყო ერთი და იგივე არადამაკმაყოფილებელი. ცალკეული პირები ვცდილობთ პრესის საშუალებით გამოვხატოთ პროტესტი, მაგრამ საბოლოო ჯამში განათლების რეფორმამ და არსებულმა სისტემამ სხვა საშუალება არ დაგვიტოვა, ამიტომ იძულებულები ვართ ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად.
თუმცა დღეს, უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოთხოვნები სამართლიანია, ზოგიერთი მათგანი, უნივერსიტეტის პრეროგატივას არ უკავშირდება და სწორედ, ამიტომ ვერ სრულდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი?
-ეს არის თავის გასასამართლებელი ძალიან უსუსური არგუმენტი. მე მაინც მგონია, რომ მსგავს ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხებში, თსუ-ს ადმინისტრაციასაც საკმაოდ დიდი როლი ეკისრება. გია ბარამიძის გაშვება, თსუ-ს რექტორს, თავისუფლად შეეძლო აერიდებინა როგორც პირადი კონტაქტების გამოყენებით, ასევე სხვადასხვა საშუალებებით. ეს მაშინ, როცა გვასწავლიან უღირსი ლექტორები, რომელთა უდიდესი ნაწილი მთვრალი შემოდის ლექციებზე და საერთოდ არ აინტერესებს სტუდენტი რას ისწავლის. მისთვის მთავარია ვალდებულების მინიმალური ზღვარი მოიხადოს და ის საათი წაკითხულად ჩაეთვალოთ.
ანუ გამოდის რომ თქვენ არამარტო უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, არამედ ზოგადად განათლების სამინისტროსთან გაქვთ პრეტენზია...
- მე, როგორც რიგით სტუდენტს, არ მაინტერესებს ის ბიუროკრატიული სისტემები, რომელსაც თავს მახვევენ. ეს იქნება განათლების სამინისტროს პრეროგატივა, უნივერსიტეტის პრეროგატივა თუ ა.შ. ეს მე არ მეხება. მე, როცა შევალ ლექციაზე, შემოვიდეს კვალიფიციური პასუხისმგებლობით სავსე პროფესორი, რომელიც წამიკითვას ლექციას. მე, ვსწავლობ ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში, რომელთა ლექტორებს, ელემენტარულად ეთიკური ზნეობრივი და მორალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც უნდა უწევდეთ.
რაც შეეხება ანდრო ბარნოვის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას, რატომ ფიქრობთ, რომ ის უნივერსიტეტიდან გასაშვებია?
-ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ძალადობრივი პოლიტიკის ხელშემწყობი და სტრუქტურის უშუალო წევრია, და ამასთანავე, არამხოლოდ წევრი, არამედ ერთ -ერთი მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანია, ნამდვილად გასაშვებია . მე ამ საკითხთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პროფესორების აზრსაც ვიცნობ და ისინი უბრალოდ გაოგნებულები არიან ისეთი პროფესორების და კვალიფიციური ადამიანების გაშვებით, როგორიც უკვე დავასახელე გია ბარამიძის სახით. ბარნოვის მსგავსმა ადამიანებმა და ლექტორებმა, ან უნდა დატოვონ სამსახურები ან ორიენტირება უნდა შეცვალონ და უნდა დაიწყონ განათლების სისტემის დასახვეწად ახალი გზებით მუშაობა.