საია ფოთში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს

საია ფოთში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფოთში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას მიუღებელს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით,  საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, საუბარია მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა tspress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს.

„ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს.  ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე  ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს  და მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საიაში აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

„ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა. მიგვაჩნია, რომ, მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, ითვალისწინებდნენ და პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას და  როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - აღინიშნა განცხადებაში.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აღნიშნავს, რომ მიუღებელია ჟურნალისტისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა.