სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ის მხარდაჭერას საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ უცხადებს და საკუთარ გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის.
დღეს თენგიზ კალანდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნო.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი თანამდებობა. ამ წლების მანძილზე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ჩემი შრომა და გამოცდილება ამ საქმეში ჩამედო. გარკვეული რაღაც, რა თქმა უნდა, გაკეთებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩანს ისე, რომ ეს ფასადურია. არ არის ჭეშმარიტი კონტროლი, რაც აუცილებელია განხორციელდეს, დაცული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა, როგორც იმპორტირებული პროდუქციისაგან, ასევე მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს ეროვნული წარმოების პროდუქცია. აუცილებელია უპირველეს ყოვლისა, ხელი შეეწყოს ეროვნული წარმოების პროდუქციას. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო მიისწრაფის და მათ შორის ჩვენი სამსახურიც და აღვნიშნავ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხე ევროინტეგრაციის ჭრილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. ვინაიდან, ევროპელმა ექსპერტებმა სამი ძირითადი საკითხი მოითხოვეს, ესენია: შრომის კოდექსი, ანტიმონოპოლიური სამსახური და სურსათის უვნლებლობის საკითხი. იმედი მაქვს, ეს კოალიცია განახორციელებს ჭეშმარიტ და რეალურ რეფორმებს, რომელიც მართლა მიგვიყვანს გავხდეთ ევრკავშირისა და და ჩრდილო ატლანტიკური ოჯახის წევრი“, - განაცხადა კალანდაძემ.
თავის მხრივ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, საჯარო მოხელეებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.