თსუ-ში სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის აქტივისტებისა და სხვა სტუდენტების ორგანიზებით გამართული აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების დათხოვნას აპროტესტებდნენ, რეგენტთა საბჭოს გაუქმებასა და სასწავლო ბაზების მოწესრიგებას ითხოვდნენ.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ლექტორები სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაითხოვეს.
აქვე ისინი სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ანდრო ბარნოვის დანიშვნასაც აპროტესტებდნენ იმ მოტივით, რომ ბარნოვი ხელისუფლების ყოფილი ჩინოსანი იყო.
სტუდენტებმა აქცია ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან, შემდეგ კი, უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთანაც გამართეს. ისინი სკანდირებდნენ - „გეშინოდეთ ჩვენი“.
აქციაზე მყოფ სტუდენტებთან თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, სტუდენტების მოთხოვნები ნაწილობრივი სამართლიანია, თუმცა შეძახილები - „გეშინოდეთ ჩვენი“ საქმეს წინ ვერ წაიყვანს და ამით ურთიერთობები რექტორატსა და სტუდენტებს შორის ვერ მოწესრიგდება.
კვიტაშვილის თქმით, სტუდენტების პრეტენზიები სასწავლო ბაზებთან დაკავშირებით სამართლიანია და მათი მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას, რომ ხელისუფლების ყოფილმა ჩინოსანმა ანდრო ბარნოვმა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დატოვოს, კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ბარნოვი ხელისუფლების მხრიდან დეკანად არავის დაუნიშნავს და ის თავად რექტორის თხოვნით მოვიდა აღნიშნულ თანამდებობაზე.
„ანდრო ბარნოვი უკვე აღარ მუშაობდა სამხედრო აკადემიაში და მე მოვიწვიე. ბარნოვი დეკანად 15 აგვისტოდან მუშაობს და არც ისე დიდი დროა, რომ შევაფასოთ, კარგად მუშაობს თუ ცუდად. ის არც არჩეულია და არც დანიშნული, მოწვეულია 6 თვით და მერე გახდება ცნობილი, ავირჩევთ თუ არა დეკანად. ამას ბარნოვის ი აქტივობა და საქმიანობა გვიჩვენებს“, - განაცხადა კვიტაშვილმა.
რექტორის მოსაზრებით სტუდენტების პროტესტი პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ალოგიკურია და აღნიშნა, რომ პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავის გაუთავისუფლებია.
ალექსანდრე კვიტაშვილმა უნივერსიტეტიდან ლექტორების, ნოდარ ხადურისა და ლელა გაფრინდაშვილის წასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხადურთან და გაფრინდაშვილთან კარგი ურთიერთობები აქვს, თუმცა აღნიშნულმა ლექტორებმა გარკვეული საკონკურსო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
კვიტაშვილის განმარტებით, მაგალითად, ლელა გაფრინდაშვილმა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საკონკურსო განაცხადში სასწავლო სილაბუსები არ მიუთითა. თუმცა კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრის კონკურსი ცხადდება და ნებისმიერ ლექტორს შეუძლია პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, აღნიშნულ კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს.
პირველი კორპუსიდან სტუდენტებმა მეექვსე კორპუსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებთან ანდრო ბარნოვი გამოვიდა, თუმცა სტუდენტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.
ბარნოვმა სტუდენტებს შენობაში შესვლისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან არაფერი ესაქმებათ და სჭირდებათ ისეთი დეკანი, რომელიც ფაკულტეტს განავითარებს და სტუდენტების უფლებებს არ შეზღუდავს.
ამის შემდეგ სტუდენტებმა აქცია მესამე კორპსუთან გამართეს.
ამჟამად, სტუდენტების აქცია დასრულებულია. ისინი აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.