ანტიმუსლიმური ფილმის „ისლამის უცოდველობის“ რეჟისორი, როგორც გაირკვა, არა სემ ბეილსი, არამედ 65 წლის პორნორეჟისორი ალან რობერტსია, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ბრაუნელია. ამ ინფორმაციას პორტალი Gawker აქვეყნებს. რობერტს ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ალან რობერტსი 4 ფილმის რეჟისორი და 30-მდე ფილმის მემონტაჟეა.
რეჟისორის ახლობლის განმარტებით, ამ არეულობას რობერტსთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ფილმს თავიდან გაუკეთდა დუბლირება, გახმოვანება, დაამატეს ეპიზოდები ახალი მსახიობების მონაწილეობით, შეცვალეს სახელები. ეს ყველაფერი გადაღებების შემდეგ გაკეთდა, მანამ სანამ ფილმი ეკრანებზე გამოვიდოდა“,-აცხადებს რობერტსის ახლობელი, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.
როგორც აღმოჩნდა, ფილმის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ „უდაბნოს ომები“. ის 2011 წელს იქნა გადაღებული ლოს-ანჯელესში. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ფილმის ნაწილის სცენები დეკორაციების საშუალებით იქნა გადაღებული, რომელიც Paramount-მა ტელესერიალ „სამხედრო-იურიდიული სამსახურისთვის“ დაამზადა. სერიალი NBC-სა და CBS-ზე გადიოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ფილმში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის განცხადებით, ფილმი „სათავგადასავალო ხასიათის გახლდათ და მოვლენები არაბეთის უდაბნოში მინდინარეობდა. ფილმში თავიდან საერთოდ არ იყო მუჰამედის გმირი“,-აცხადებს მსახიობი. ამ ინფორმაციას ფილმში მონაწილე სხვა მსახიობიც ადასტურებს.