კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ახალციხეში აქციის დაწყებამდე, ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადგილობრივ სომხურენოვან მოსახლეობას აინტერესებდა, იყო რუსეთთან სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება.
„ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა სწორედ ამ საკითხებზე გაამახივილეს ყურადღება კოალიციის ლიდერთან და განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს და სავაჭრო ურთიერთობებია გაწყვეტილი, მათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
კოალიციის ლიდერი დაპირდა მათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარება მოხდება.
დღესვე, ივანიშვილმა ქართულ-სომხური უნივერსიტეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ახალქალაქში ქართულ-სომხური უნივერსიტეტს ავაშენებთ და ავამოქმედებთ. ხოლო იმ შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს და ადგილობრივი მოსახლეობის ამ თხოვნას არ გაითვალისწინებს, მაშინ ჩემი საკუთარი ფონდიდან შევეცდები ქართულ-სომხური უნივერსიტეტის დაფუძნებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის დასრულებისას ივანიშვილმა ადგილობრივების კითხვებსაც უპასუხა. კითხვები ძირითადად საკადრო პოლიტიკას ეხებოდა. ახალქალაქელები ივანიშვილს სთხოვენ, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში იმგვარად არ იყოს სახელისუფლო უწყებების კადრები დაკომპლექტებული, როგორც ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებშია.