საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ სოფელ ახალ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისი გახსნა, სადაც სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მამუკა არეშიძის განცხადებით, რაიონზე გრანტის სახით გამოყოფილი 2 500 000 ლარი გაურკვეველია რას მოხმარდა, სოფლებში კი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
“გარდაბნის რაიონის ბიუჯეტის შესწავლისას გაირკვა, რომ წელს ამ რაიონზე გრანტის სახით გამოყოფილი იყო ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი, გაურკვეველია რას მოხმარდა ეს თანხა. ჩვენ ყოველდღიურად დავდივართ გარდაბნის რაიონის სოფლებში სადაც ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო მოსახლეობა აბსოლუტურად მიტოვებული ჰყავს ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველოში საშუალო ფენა ჩამოყალიბდეს და თითოეულმა ოჯახმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს - განაცხადა მამუკა არეშიძემ.