პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც მან პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, როტორიკა და არჩევნების წინ, მშვიდობისმყოფელის იმიჯის მორგებაა.
„სააკაშვილმა მიიყვანა ეს ქვეყანა იმ უმძიმეს პრობლემებამდე, უკიდურეს გაჭირვებასა და სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირემდე, რომელშიც დღეს საქართველო და ხალხია. ის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხანია საფრთხეს წარმოადგენს და სწორედ, მისი რეჟიმის შეცვლისთვის იბრძვის „ ქართული ოცნება“. ჩვენ გავერთიანდით იმიტომ რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ და ორ კვირაში საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს. მისი შემოთავაზება არჩევნების წინ, ამომრჩეველთან კეკლუცობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეხება პატრიარქის მიმართვას, კობახიძის თქმით, კოალიციის წარმომადგენლები ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრებიან.
„პატრიარქის წინადადება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ერის სულიერი მამაა. კოალიციის წარმომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან ბაგრატის ტაძრის კურთხევას და შესაბამისად, მივიღებთ მონაწილებას იმ ღონისძიებაში, რასაც საპატრიარქო გეგმავს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა ოპონენტებს ბაგრატის ტაძრის ეზოდან გუშინ მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ, რომ იბრძოლებენ ქვეყნის დეოკუპაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოში ინტეგრაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ააწყობენ ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე და არ დაუშვებენ ქვეყანაში კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დაბრუნებას.