კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის აზრით, სააკაშვილს და მის გუნდს მოუწევთ რამდენიმე დღით დასვენება და იმის გააზრება, რომ სახელმწიფო უფრო მაღალი ცნებაა, ვიდრე სახელისუფლო სავარძლები და ძალაუფლება. ამის შესახებ მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის სიტყვების დაჯერება, შეუძლებელია, რადგან უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის სიტყვებმა ყოველგვარი დამაჯერებლობა დაკარგა.
„სწორედ ამაზეა ნათქვამი – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. მან დანერგა დაყოფა ამ ქვეყანაში. დანერგა პრინციპები – ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და ახლაც ვერ მოიქცა მთლად ღირსეულად. ხვალ პატრიარქის მოწოდებით, ვიკრიბებით მართლაც ქვეყანასა და სახელმწიფოზე საფიქრალად, ბაგრატის ტაძრის გახსნაზე. აქაც ვერ მოითმინა სააკაშვილმა და 2 დღით ადრე დაასწრო სხვებს, რომ გაეკეთებინა ეს მოწოდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ცოდვების მონანიება დაგვიანებულია.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა ოპონენტებს ბაგრატის ტაძრის ეზოდან გუშინ მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ, რომ იბრძოლებენ ქვეყნის დეოკუპაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოში ინტეგრაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ააწყობენ ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე და არ დაუშვებენ ქვეყანაში კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დაბრუნებას.