მედიაექსპერტი, ია ანთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) პირველ შუალედურ ანგარიშის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, მედია გარემო მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილნი და უფრო დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახერხებს, აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული სატელევიზიო მედიამონიტორინგი და მისი შუალედური ანგარიში, სადაც მისი თქმით, ძალიან მკაფიოდაა წარმოდგენილი, რომ ისეთი ტელევიზიები როგორიცააა „რუთავი 2“, „იმედი“ და „პირველი არხი“ პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობას ძალიან დადებითად, პოზიტიურად აშუქებენ.
„მაგალითად, პრეზიდენტის საქმიანობის 80% „რუსთავი 2“ -ზე დადებით ტონშია გადმოცემული და „იმედზე“ 78%. რაც შეეხება, „მეცხრე არხს“ და „მაესტროს“ იქ კოალიცია „ქართული ოცნების“ გაშუქების 91 % - ია ნეიტრალური ტონია. ნამდვილად, „რუსთავი2“ და „იმედი“ პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას ეწევა, ხოლო „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ კრიტიკულია, მთავრობის და პრეზიდენტის მიმართ. ანუ ერთის მხრივ, ეს ტელევიზიები არის კრიტიკული პრეზიდენტის და მთავრობის მიმართ, ხოლო ის ტელევიზიები არის წმინდა პროპაგანდისტული“, - განაცხადა ანთაძემ.
მედიაექსპერტის თქმით, მისასალმებელია ის ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განხორციელდა და აღნიშნა, რომ სხვა ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში, არჩევნებს ყველაზე დიდი დრო ეთმობა.
„რაც შეეხება იმას, რომ შეწყვეტენ თუ არა „იმედი“ და „რუსთავი 2“ პროპაგანდას, ცხადია, არ შეწყვეტენ. დარწმუნებული ვარ, თავის მხრივ, მაუწყებლობაში არც „მაესტრო“ და „მეცრე არხი“ არაფერს შეცვლის. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გვექნება ის სიტუაცია, რომ „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ იქნება კრიტიკული ხელისუფლების და პრეზიდენტის მიმართ, ხოლო „რუსთავი 2“ და „იმედი“ პროპაგანდისტული“, - განაცხადა ანთაძემ.