თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მეორედ და მესამედ მგზავრობისთვის არსებული შეღავათები დღეიდან გაუქმებულია. შეღავათების გაუქმება ახალი ფასდაკლების სისტემის შემოღებამ გამოიწვია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
თბილისის მერის განმარტებით, თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მეორე და მესამედ მგზავრობისას არსებული შეღავათები ახალმა სისტემამ ჩაანაცვლა.
კერძოდ, აქამდე არსებული ფასდაკლების სისტემით პირველი მგზავრობისას მოქალაქეები 50 თეთრს, მეორე მგზავრობისას 30 თეთრს, მესამედ და შემდეგი მგზავრობის შემთხვევაში კი - 20 თეთრს იხდიდნენ.
ფასდაკლების ახალი სისტემით, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში მგზავრები პირველ ჯერზე 50 თეთრს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებენ.
მერიაში აცხადებენ, რომ ფასდაკლების სისტემა უცვლელი დარჩება იმ კატეგორიებისთვის, რომლებსაც მგზავრობის შეღავათები გააჩნდათ. კერძოდ, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, უსინათლოებისთვის, ვეტერანებისთვის და 600 ათასამდე ყველა იმ პირისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ.