ოზურგეთში მოსახლეობას აჭის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის ნაცვლად მდინარის გაუფილტრავი წყალი მიეწოდება

ოზურგეთში მოსახლეობას აჭის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის ნაცვლად მდინარის გაუფილტრავი წყალი მიეწოდება

„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონში აჭის ხეობაში სასმელი წყლის ის სათავე ნაგებობა მოინახულა, საიდანაც ქალაქი ოზურგეთის საკმაოდ დიდ ნაწილს და მიმდებარე სოფლებს სასმელი წყალი მიეწოდება.

კალანდაძის განცხადებით, ამ წყალს მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს სასმელი, რადგან ის მილებში, სადაც სასმელი წყალი უნდა მიედინებოდეს, პირდაპირ მდინარე აჭის წყალზეა მიერთებული.

„არანაირი დამცავი ნაგებობა და სპეციალური ფილტრები. ბუნებრივია, უკვე აღარაფერს ვამბობ წყლის დაქლორვაზე. მოსახლეობას ონკანებში პირდაპირ მდინარის წყალი მიეწოდება. შესააბამისად, ყოველი წვიმიანი ამინდის დროს ონკანებში ამღვრეული და ტალახიანი წყალი მოდის, რომელსაც ათასგვარი მატლები და ჭიები მოყვება. ეს წყალი საშიშია ადამიანების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობისათვის და მისი არა თუ სასმელად, ოჯახში საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებაც კი არ შეიძლება." - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა კუჭ-ნაწლავის მოწამვლის შემთხვევების გახშირებაზე საუბრობს, რაც ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად მცირეწლოვან ბავშვებში იღებს ხოლმე მძიმე და საშიშ ფორმებს.

როგორც ლევან კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის გარდა მნიშვნელოვანია თავად აჭის ხეობაში განლაგებული წყლის სათავე ნაგებობის უსაფრთხოების საკითხი.

„ეს ტერიტორია სრულიად დაუცველია. არანაირი მესერი და არავითარი მეთვალყურე. პრაქტიკულად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სათავე ნაგებობასთან და წყლის შემკრებ რეზერვუარებთან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მისვლა. ფორმალურად დარაჯიც კი არ არის მთელს ტერიტორიაზე. შემკრებ რეზერვუარს არც ლუქი აქვს და არც რაიმეთია იზოლირებული გარემოსაგან. და იმის გარდა რომ ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანებს პირდაპირ მდინარის წყალს ასმევს, ასეთ პირობებში, არსებობს რეალური საშიშროება და საფრთხე, ვინმეს მიერ გაუფრთხილებელი მოპყრობით, ან შეგნებული ქმედების შედეგად ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს" - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.