ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს ნათქვამია, რომ მედია გარემო მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილნი და უფრო დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახერხებს.
მისიის განმარტებით, „რუსთავი 2“ და „იმედი“ ძირითადად მთავრობის მომხრე ტელეკომპანიებად აღიქმებიან, „კავკასიის“, „მაესტროსა“ და ახლახანს აღდგენილი „მე-9 არხის“ მაუწყებლობა კი, ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერად.
ამასთან, მისიის ცნობით, 30 აგვისტოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა პრაიმტაიმში საარჩევნო თემატიკის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგი დაიწყო, რომელიც რვა ტელეკომპანიასა და ორ გაზეთს მოიცავს.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისია მუშაობას 22 აგვისტოს შეუდგა. მისია თბილისში მომუშავე 16 ძირითადი ექსპერტისა და საქართველოს მასშტაბით მომუშავე 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.