“მშიერი ხალხის მაძღარი ხელისუფლება”, - ეს ფრაზა ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის და, ალბათ, ყველაზე ადექვატურად გამოხატავს იმას, რაც გუშინ, პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ხდებოდა. ოპოზიციამ ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ხდება და ამის საპასუხოდ ხელისუფლებისგან ისევ ისე “კომპლიმენტი” მიიღო, რომ “მათ კვალიფიკაციის ამაღლება ვერ მოახერხეს”.
პოლიტიკური შემოდგომა პარლამენტში იმის გარკვევით დაიწყო, იხარჯება თუ არა მილიონები „ღვინო, დუდუკსა და ქალებში“? ვინ დარჩა ასლან აბაშიძის ერთგული ბოლომდე? არის თუ არა პოლიტიკური რთველი კახეთში ანუ იცვლება თუ არა ყურძენში საარჩევნო ხმები და არის თუ არა ბატონ-ყმობა თელავში?
საარჩევნო თემატიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, “ქრისტიან-დემოკრატებმა” წამოსწიეს და, პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან თელავის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ ისინი იღებენ.
“ქრისტიან-დემოკრატები” თელავის შუალედურ არჩევნებთანდაკავშირებით ინტერფრაქციული ან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ამის არგუმენტად კი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ “თელავში ბატონყმობა” არ გადავარდნილა”.
ნიკა ლალიაშვილმა ისაუბრა სოფელ სანიორეზე, სადაც 9 სექტემებრს ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა აქცია ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით, რადგან 300-300 ლარის ოდენობის გადასახადი მიუვიდათ. მისი თქმით, ამ სოფელში თითოეული ოჯახის შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია და შესაბამისად, გადასახადს ვერ გადაიხდიან. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კი, ეს სოფელი, სადაც გაზიც კი არ არის, წყლის გარეშე დარჩება, რადგან წყლის მიწოდება ელექტროტუმბებით ხდება.
ლალიაშვიილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთივე მდგომარეობაა ნაფარეულში, ართანაში, ლაფანყურსა და ფშაველში. ამასთან, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მას შემდეგ, რაც «ქრისტიან-დემოკრატების» კანდიდატმა ნიკა ლაშხმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო, სოფელ სანიორეს მცხოვრებლებზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.
«ჩვენ ადამიანებს ვპირდებით სამუშაო ადგილებს, თქვენ კი მათ სამუშაო ადგილების დაკარგვით ემუქრებით,» - მიმართა ნიკა ლალიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ხაზი გაუსვა რომ კახეთის სოფლებში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა ოპოზიციის შეკრებებზე არ მივიდეს.
«ბატონყმობა არ გადავარდნილა ამ რაიონში, ბატონები «ნაციონალური მოძრაობაა», - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა და ეს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საფუძვლად დაასახელა, რადგან წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები უყურადღებოდ არ დარჩეს.
ლევან ვეფხვაძემ კი ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიხსენა, რომლის დროსაც შეკრებიული ადამიანებს ავტომანქანებიდან კამერებით იღებდნენ. ამიტომაც იტერფრაქციული ჯგუფის ან უწყებათაშორისი კომისიის შექმნა მოითხოვა.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ამ მოთხოვნას უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი გამოეპასუხა და ურჩია, რომ საპარლამენტო ტრიბუნა წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ გამოიყენონ და თელავის პრობლემებზე, ადგილზე ისაუბრონ.
მისი თქმით, თელაველები კარგად იცნობენ «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატს ვასიკო დავითაშვილს, რომელიც თელაველია და კარგად იცის, თუ რა აწუხებს თელაველებს.
გაბაშვილს გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი პარტია თელავზე საუბრობს იმიტომ, რომ თელავი საქართველოა და იქ იგივე პრობლემებია, რაც მთელს ქვეყანაში.
ეს პრობლემები კი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია და გუშინ, სესიაზე ოპოზიციის მხრიდან არაერთი ასეთი საკითხი დაისვა.
ყველაზე მწვავე გამოსვლა ახლადშექმნილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელს, ჯონდი ბაღათურიას ჰქონდა.
ბაღათურიამ ხელისუფლებას გიგანტური ხაჭაპურით დაწყებული და «ღვინო, დუდუკი და ქალებით» დამთავრებული, ყველაფრის გამო უსაყვედურა.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში, მთელი ქართველი მსოფლიო მომსწრე იყო როგორ ატარებდა დროს მშიერი ხალხის მაძღარი ხელისუფლება. როგორ ვაკხანალიას ჰქონდა ადგილი გაუბედურებული ქვეყნის მხიარული მთავრობის მხრიდან გიგანტური ხაჭაპურების ცხობით დაწყებული და უზარმაზარი ფეიერვერკით დამთავრებული. მილიარდები იხარჯება „ღვინო, დუდუკსა და ქალებში“. მილიარდები იხარჯება დროსტარებაში, ფეირვერკრბში, შადრევნების მშენებლობაში“, - განაცხადა ჯონდი ბარათურიამ.
როგორც მან განაცხადა, „საინტერესოა, რას ზეიმობს მთავრობა ტრანსპორტის გაძვირებას? წამლებზე ფასების ზრდას? კვებისპროდუქტებზე და ბენზინზე ფასების ზრდას?“
ცხადია, ეს ის კითხვებია, რაც მოსახლეობას სერიოზულად აწუხებს. მაგრამ, როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხელისუფლება დროის ტარებაზე იყო გადასული.
„ყველა ვხედავდით, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში მშიერი ხალხის მაძღარი მთავრობა ზეიმობდა. პრეზიდენტის ძალიან კარგ ხასიათზე იყო საკუთარი ხალხისგან განსხვავებით, რომელიც შეპირდა, რომ პენსიას 100 დოლარამდე გაუზრდიდა და არ გაზარდა“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
მან ალსან აბაშიძე და ბადრი პატარკაციშვილიც გაიხსენა, რომელთაც თავიდან თავს უამრავი ხალხი ეხვია, ბოლოს კი მარტო დარჩნენ და ხელისუფლებას ურჩევს, პოლიტიკა შეცვალონ, თორემ ხალხისგან საპასუხოდ სიძულვილს მიიღებენ.
„პრეზიდენტს უკან დაჰყვება მლიქვნელების ძალიან დიდი რაზმი. ასეთი რაზმებით დადიოდა თავის დროზე ასლან აბაშიძე, შემდგომში ბადრი პატარკაციშვილი. სხვათა შორის, ასლან აბაშიძე როდესაც წავიდა და საქართველო დატოვა, ერთი კაცი არ დადგა მის გვერდით, ერთი ბასმაჩა ჰყავდა, რომელმაც ერთი კვირა საჭმელი არ ჭამა. ბათუმელები ამაზე ამბობდნენ, ბასმაჩას ძაღლი უნდა ერქვას და ამ ადამიანებს კაცებიო? ბადრი პატარკაციშვილს ბასმაჩაც არ დარჩა. მე უბრალოდ, ადამიანურად გული შემტკივა, როდესაც ადამიანის ირგვლივ ასეთი რაზმი იკრიბება და როგორც კი მისი მზე ჩასვენებისკენ მიდის, მას ყველა ტოვებს.
მე არ ვიცი ძაღლი ჰყავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, ბასმაჩა ან სხვა, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ: თუ ხალხს თავი შეაძულეთ, თუ ხალხს აჩვენეთ, რომ არა მარტო უპასუხისმგებლო პოზიციას აფიქსირებთ, არამედ ხალხის ერთგვარი დაცინვა ხდება, იცოდეთ, ქვეყნის ხელისუფალს ამის გაკეთების უფლება არა აქვს. სანამ გვიან არ არის, ამაზე დაფიქრდით“, - მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობას.
უმრავლესობამ კი მის ამ რჩევას იმით უპასუხა, რომ ისევ „კვალიფიკაციის ვერამაღლებაზე“ დაიწყეს საუბარი.
პეტრე ცისკარიშვილმა ბაღათურიას პოლიტიკური წარსული გაუხსენა.
„ალბათ, თავად ბაღათურიას აღარ ახსოვს, რომ ედპ-ში იყო და იქიდან წამოვიდა, ასლან აბაშიძესთან იყო და წამოვიდა, ლეიბორისტებთან იყო და იქიდანაც წამოვიდა, ლევან გაჩეჩილაძის გვერდით იდგა და წამოვიდა. არ ვიცი რომელი უფრო ერთგულია ასლან აბაშიძის შინაური ცხოველები თუ ჯონდი ბარათურიას პოლიტიკური ფიგურა?“ - მიმართა პეტრე ცისკარიშვილმა ბაღათურიას.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით კი „ოპოზიციამ ეს ზაფხული ნამდვილად ვერ გამოიყენა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და იგივე ტონით იტყუება“.
მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიცია ზარ-ზეიმს და მუდმივ დროსტარებას ეძახის, რეალურად ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
„თუ გინდა ქვეყანაში განავითარო ტურიზმი, დიახ, უნდა აღნიშნო ძალიან მაღალი დონის სასტუმრო „რედისონის“ გახსნა, ასევე ანაკლიაში ინფრასტრუქტურის გახსნა, სადაც ათიათასობით ადამიანს აქვს საშუალება ჩავიდეს და დაისვენოს“, - განაცხადა გაბაშვილმა.
გიორგი თარგამაძე ქვეყანაში უმუშევრობის დონის მატებას ხელისუფლების არაადეკვატურობას უკავშირებს.
მან სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში 16 ათასი ადამიანი დაითხოვეს და ამის საპირისპიროდ, არც ერთი ადამიანი არ დასაქმებულა კერძო სექტორში.
მისი თქმით, საქართველოში უმუშევრობის დონე მატულებს და ხალხი არა მცირე ბიზნესის განვითარებაზე, არამედ გადარჩენისთვის იბრძვის. თარგამაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების არაადეკვატურობის შედეგია სოფლის მეორნეობის დაცემის ტემპების გაძლიერება და ის, რომ მოსახლეობას ცხოვრება გადასახადებთან, ქვითრებთან და სახელმწიფოს მიერ შეწერილ თანხებთან ბრძოლად გადაექცათ.
„ეს არის უთანასწორო ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. ხელისუფლება სულ უფრო არადეკვატური ხდება პრობლემებისადმი“, - განაცხადა თარგამაძემ არაადეკვატურობის მაგალითად თარგამაძემ თელავის რაიონის სოფელ სანიორეში სკოლის დახურვის გეგმაც დაასახელა.
„სკოლების ოპტიმიზაციას მხოლოდ სტატისტიკის ელემენტები აქვს განათლების სამინისტრსოთვის და მთავრობისთვის. სანიორეს მოსახლეობისთვის კი, სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის არსებობაც აუცილებელია. მაგრამ მთავრობას არ ყოფნის ფული სკოლის არსებობისთვის“, - განაცხადა თარგამაძემ.
მან არაადეკვატურობის კიდევ ერთ მაგალითად საციგურაო მოედნების გახსნისთვის დახარჯული თანხები დაასახელა, რომლითაც შესაძლებელი იყო, თუნდაც კახეთში სასაწყობო-სამაცივრე მეურნეობების აშენება.
გიორგი თარგამაძეს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ველობილიკების, თუმცა, მისივე თქმით, ქუთაისში იგივე თანხა გაიხარჯა ამ ბილიკებზე, რამდენითაც კახეთში რთველის სუბსიდირება ხდება.
„ის, რომ დღეს გლეხი მათხოვრულ თეთრებს იღებს საფერავსა და რქაწითელში, იმის დამსახურებაა, რომ მთავრობაში განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ველოსპორტისადმი“ - განაცხადა თარგამაძემ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სწავლა სურთ, მაგრამ სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებენ, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს მიუწვდება ხელი მკურნალობაზე და წამალზე.
„თუკი რომელიმეს თქვენი კვალიფიციურობის ხარისხი გაინტერესებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს ჩახედეთ“, - მიმართა უმრავლესობას თარგამაძემ.
მსხვილ პრობლემებზე საუბარს კი ახლადშექმნილმა ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ შედარებით მცირე, საკუთარი პრობლემებიც მოაყოლა და მათი ფრაქციის კუთვნილი კვოტებისა და სპიკერატში წარმოდგენის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა მოითხოვეს.
ისინი იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ მათი ვიცე-სპიკერის კანდიდატის, ჯონდი ბაღათურიას სპიკერატში არდანიშვნის გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა საპრლამენტო კომიტეტმა დახურულ სხდომაზე მიიღო.
დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპრლამენტო უმრავლესობას რეგლამენტის 141-ე მუხლი მას შემდეგ შეახსენა, რაც საპროცედურო საკითხთა საპრლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მათ განუმარტეს, რომ ფრაქციის კვოტებთან და ვიცე-სპიკერის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიუროს უკვე მიღებული აქვს. მისი თქმით, 141-ე მუხლის თანახმად, ბიუროს გადაწყვეტილება შესაძლებელია, გახდეს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანი.
რაც შეეხება კვოტებს, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ საპარლამენტო ყველა კომიტეტშია წარმოდგენილი, თუმცა როგორც დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მათ აინტერესებთ, იქნებიან თუ არა ისინი ნდობის ჯგუფშიც.
ბაღათურიას თქმით, ნდობის ჯგუფი 5 წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მისი თქმით, სწორედ ასეთი ფრაქციაა „ერთობა სამართლიანობისთვის“.
„ჩვენ გვაინტერესებს, რაში იხარჯება ის მილიარდები, რომელიც თავდაცვის უწყებისთვის არის გამოყოფილი. სწორედ ამიტომ გვინდა ვიყოთ ნდობის ჯგუფში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
სწორედ ამის გამო გოკა გაბაშვილმა ახალი ფრაქციის როგორც სტრატეგია და წამოწეული პრობლემები, ასევე მათი შექმნის მიზანიც გააკრიტიკა.
მისი თქმით, ეს ფრაქცია ხან ალასანიას ზომიერებას აპარებს, ხან ნოღაიდელის სტილში ქილიკობს და ხან ბურჯანაძის რადიკალიზმს ურევს.
„ჩამოყალიბდით, ბიომეტრიული პასპორტები გინდათ, ელექტრონული დაშიფვრა გაშინებთ, თუ რა გინდათ და ამის შემდეგ მოგვმართეთ“, - განაცხადა გაბაშვილმა და ოპოზიციას უფრო სერიოზული პრობლემების წამოწევა ურჩია.
არადა, ფაქტია, რომ გუშინ ოპოზიცია სწორედ იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებას შეეხება.
პეტრე ცისკარიშვილი კი ახალ ფრაქციას ღია კარის მტვრევაში ადანაშაულებს. როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, ახალ ფრაქციას კონკრეტული და თვალსაჩინო შეცდომა მოუვიდა.
მისი თქმით, სხვადასხვა წარმომავლობის პოლიტიკური გუნდები ჯერ შეერთდნენ და შექმნეს ფრაქცია თანამდებობების მოსაპოვებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს კანონმდებლობის გარკვევა.
„ახლა, რადგან პოლიტიკური შეთანხმება გაქვთ, იძულებული ხართ, ღია კარი ამტვრიოთ. თქვენს შემთხვევაში კარიც არ არსებობს და მაინც რაღაცას ამტვრევთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ მხოლოდ „ეს გამოვიდა მათი ზაფხულის მოღვაწეობიდან“.
ცისკარიშვილს არც ამ ფრაქციის მიერ წლევანდელი ზაფხულის „ბნელ ღამედ“ შეფასება მოსწონს.
მისი თქმით, „ყველა ხედავდა, რომ ეს ზაფხული არა «ბნელი ღამე», არამედ ქვეყნის განვითარება და აღმშენებლობა იყო“. თუმცა, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემებსაც და გამოწვევებსაც კარგად ხედავს, თუმცა გაზრდილ გადასახადებზე და სატრანსპორტო ხარჯებზე, რაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის კიდევ ერთი თემა იყო, არაფერი უთქვამს.