სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემა „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებია“.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოზე მსჯელობენ.
მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.
„საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ თავმჯდომარის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კონფერენციის ბოლოს არასამთავროების მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციები იქნება შემუშავებული, რომელიც როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე დაინტერესებულ პირებს გადაეცემა.
შეხვედრის დაწყებამდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა, რომ არასამთავრობოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება მოსმენილი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის „საქრთველოს ეროვნული პლატფორმა“ საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების ყველაზე დიდი გაერთიანებაა.
ამ ეტაპისთვის ეროვნულ პლატფორმაში 112 სრულუფლებიანი და 2 ასოცირებული წევრი შედის.