დიმიტროვი: მნიშვნელოვანია, წინასააარჩევნოდ არსებული პოლარიზება არჩევნების დღეს და შემდეგ არ გაგრძელდეს

დიმიტროვი: მნიშვნელოვანია, წინასააარჩევნოდ არსებული პოლარიზება არჩევნების დღეს და შემდეგ არ გაგრძელდეს

 "საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან პოლარიზებულია”, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პოლარიზაცია დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს. დიმიტროვი აღნიშნავს, რომ  ეს საშიშია, რადგან მას ემოციებისკენ მივყავართ.

„ემოციები და ვნებები კი, დემოკრატიულ სტანდარტებს არ მიესადაგება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლარიზაცია არჩევნების დღეს და შემდეგ არ გაგრძელდეს. “ - განაცხადა დიმიტროვმა.

მისი განმარტებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარადეს. დიმიტროვი მიიჩნევს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ.

„თუმცა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია შედეგები გამოაქვეყნოს, ცესკო-ა. თუმცა, ცესკო-ს მიმართ საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები და უნდობლობა არსებობს“ - აღნიშნა დიმიტროვმა.

დიმიტროვის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები შეაფასონ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ მიმდინარეობს.