პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის წინასაარჩევნო მონიტორინგის ჯგუფმა ხულოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა. ამ ინფორმაციას პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს სარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი - მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის პარტიის ოფისი ხულოს იუსტიციის სახლის სარდაფშია განთავსებული.
„აქვეა განთავსებული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თემური ბოლქვაძის შტაბი, მაშინ როდესაც სხვა საარჩევნო სუბიექტებს ადმინისტრაციულ შენობებში შტაბების განთავსების საშუალება არ ეძლევათ. ეს კი საარჩევნო კოდექსის დარღვევაა“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და შეისწავლონ აჭარაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რასაც უკვე პერმანენტული ხასიათი აქვს.