საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით გახშირდა. გუშინ გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შეფასება, რომელშიც ნათქვამია, რომ როცა მთავრობა აკონტროლებს, რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ეს უკვე პროპაგანდაა და პრეზიდენტს დამბალანსებლის როლი ეკისრება და ის ხალხს წარმოადგენს.
„თუ პარლამენტი სამართლიანად არ არის არჩეული, მაშინ ყველაფერს პრეზიდენტი განაგებს. ძალიან ცოტა დრო რჩება და ვერ ვიტყვით, რომ თავისუფლებად და სამართლიანობად აღიქმება როცა ადამიანებს, ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავ. როცა მთავრობა აკონტროლებს რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ეს პროპაგანდაა, თუ არ აკონტროლებს, მაშინ ის იმას უნდა აკეთებდეს, რაც სურს“, -აღნიშნა კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტიმ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილს უზარმაზარი სურვილი აქვს საქართველოს პარლამენტმა და ამერიკის კონგრესმა ადგილები რამენაირად გაცვალონ, თუ არა და რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენების მსგავსი ანალიტიკური უნარის მქონე პარლამენტარი მაინც უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში.
„ჯიმ მაკდერმოტი სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს. უსამართლო საპარლამენტო არჩევნები გახლავთ პრეზიდენტის უპასუხისმგებლო, ერთპიროვნული მმართველობის წინაპირობა. ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა შეესრულებინა საკუთარი თავისთვის მიწერილი ფუნქცია, ყოფილიყო გარანტი სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების, ეს უკვე ფაქტია, ამას ვეღარავინ მალავს და გარკვეულწილად სინდისის ქენჯნა ჩნდება ჩვენს მოქალაქეებში- ის, რაც უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და ჩვენმა პარლამენტარებმა, გვესმის ამერიკელი კონგრესმენებისგან“,-აღნიშნავს ცისკარიშვილი.
ექსპერტის აზრით, როდესაც დასავლეთი ხელისუფლებისთვის არასასურველ შეფასებებს აკეთებს და ხელისუფლება მაშინვე იწყებს საუბარს იმაზე, რომ ეს ექსპერტები და ორგანიზაციები ივანიშვილის ლობისტები ან მოსყიდულები არიან, ეს სიტუაცია ემსგავსება იმას, როდესაც უნიჭო მოწაფემ გაკვეთილი სისტემატურად არ იცის, ფანტაზიაც არ ყოფნის და ერთიდაიგივე მიზეზს იმეორებს- გუშინ სახლში სინათლე ჩაგვიქრა და ვერ ვიმეცადინე.
„დაახლოებით ამ სიტუაციაშია ჩვენი ხელისუფლება. როდესაც მან სიცრუის ყველა მარაგი ამოწურა და მიადგა ერთადერთ თემას, რასაც რუსული ოკუპაცია და ივანიშვილის მოსყიდული ლობისტები ჰქვია . საინტერესოა, რას იტყვიან, ჩაწერენ ივანიშვილის ლობისტთა რიგში ქალბატონ კლინტონს და დიდი ალბათობით , თვით ბარაკ ობამას? რაც მეტ კომენტარს აკეთებენ ჩვენი პარლამენტარები ამ თემაზე, მით უფრო თავს სჭრიან პრეზიდენტსაც და ქართულ სახელმწიფოსაც“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.