ახალციხეში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო და დასასრულს უახლოვდება. აქციისთვის სცენის მონტაჟი თითქმის უკვე დასრულებულია და ახლა ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციაა დაგეგმილი, უკვე გადაკეტილია და სატრანსპორტო საშუალებები სხვა ქუჩებით გადაადგილდებიან.
უკვე დაწყებულია „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერების მობილიზებაც, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ახალციხეში ჩავლენ და აქციას დაესწრებიან.
კოალიციის ბორჯომის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის, დავით კამკამიძის ცნობით, ბორჯომიდან ახალციხეში აქციაზე დასასწრებად 3000-მდე მხარდამჭერი გაემგზავრება.
ახალციხეში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ კუტალაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქციის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
„ზოგადად, საარჩევნო პროცესში ხელს ყოველთვის გვიშლიან, თუმცა, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა“, -განაცხადა კუტალაძემ.
მისივე განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აქციაზე დასასწრებად დიდი აქტიურობა შეინიშნება. შესაბამისად, კოალიცია ღონისძიებაზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელის.
ტრადიციულად, აქციის მონაწილეებს სიტყვით „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
კოალიციის აქცია ახალციხეში 17:00 საათზე დაიწყება.