პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, მან პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა და შეუერთდა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწოდებას, რომ 16 სექტემბერს, ბაგრატის ტაძრის კურთხევას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად დაესწრონ, აცხადებს, რომ დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ცვალებადობა უნდობლობას აჩენს.
„როდესაც წინა დღით კლასების განადგურებაზეა საუბარი და მერე გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე გარანტია არ გაქვს, რომ მესამე ჯერზე ისევ განადგურებაზე არ იქნება საუბარი და აშ. ამდენად, ასეთი მკვეთრი ცვალებადობა დამოკიდებულებისა აჩენს უნდობლობას, როგორც იმის მიმართ, რომ ასეთი თბილი დამოკიდებულება რეალურად არსებობს, ასევე სხვათაშორის იმის მიმართაც, რომ ის აგრესიაც რეალურია. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის აგრესიაც მხოლოდ ემოციის რაღაც ნარჩენი იყო და ესეც. ასე რომ, არც ისეთი მკაცრი იქნება თავისი მტრების მიმართ სააკაშვილი როგორც თქვა, მაგრამ არც ისეთი ლმობიერი, როგორც გუშინ ჩანდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.