დიმიტრი შაშკინმა აშშ -ში ქართველი სამხედროები მოინახულა და ამერიკულ ბაზას ესტუმრა

დიმიტრი შაშკინმა აშშ -ში ქართველი სამხედროები მოინახულა და ამერიკულ ბაზას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა.

დიმიტრი შაშკინმა ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიის დროს დაჭრილი ქართველ სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათი რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი ასევე გაესაუბრა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით იმყოფებიან აშშ-ში და ეხმარებიან ქართველ ჯარისკაცებს რეაბილიტაციის პროცესში.

3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - ტოტალური ზრუნვის ფარგლებში, სამშვიდობო მისიისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები სახელმწიფოსგან სექტემბერში  ბინებს საჩუქრად მიიღებენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო ასევე იზრუნებს მათ დასაქმებაზე.  თითოეული მათგანის გამოცდილება მომავალ ჯარისკაცებს პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

სამხედრო ჰოსპიტალის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების ბაზას „კვანტიკო“-ს ესტუმრა. სამხედრო ბაზაზე დიმიტრი შაშკინი ამერიკელ მარინებსა (საზღვაო ქვეითები) და სამეთაურო-საშტაბო და საექსპედიციო ბრძოლისწარმოების სკოლის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ქართველ სტუდენტებთან და ამერიკელ მარინებთან ავღანეთის სამშვიდობო მისიასა და  ISAF-ში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა აღნიშნეს, რომ ქართველი ჯარისკაცების მომზადების და კვალიფიკაციის დონე ძალიან მაღალ სტანდარტებს შეესაბამება და მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს უსაფრთხოებაში.

ბაზა „კვანტიკო“-ზე ასევე გაიმართა დიმიტრი შაშკინისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების პოლკოვნიკის ერიკ სმიტის შეხვედრა. პოლკოვნიკი ერიკ სმიტი ავღანეთში იმ საბრძოლო ქვედანაყოფებს მეთაურობს, რომლის შემადგენლობაშიც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ასრულებს მისიას.