საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დროს სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა და თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ახალ 3T კონცეფციაზე, აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს.
სენატორმა მაკკეინმა მზადყოფნა გამოთქვა თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობის კუთხით და საქართველოს მთავრობას აღუთქვა მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების განხორცილების პროცესში.
სენატორი ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკური პარტია, არიზონა) აშშ-ის სენატის წევრი 1986 წლიდანაა. იგი შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოსადმი გამოჩენილი თანადგომისათვის რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. სენატორი მაკკეინი აქტიურად უჭერს მხარს ამერიკის მიერ საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას.