საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სართიჭალაში ახლადგახსნილი მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. საშრობი, სადაც ფერმერებს შეეძლებათ სიმინდის მოსავლის გაშრობა და დასაწყობება, ძირითადად საგარეჯოს, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებს მოემსახურება.
უახლოეს მომავალში იგეგმება მარცვლეულის საშრობის გაფართოება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და უფრო მეტი ადგილობრივი მოსავლის შენახვას შეუწყობს ხელს.
საქართველოში მარცვლეულის მოყვანით დაკავებულ ფერმერებს სულ ოთხი მარცვლეულის შემნახველი ცენტრი მოემსახურება - დასავლეთ საქართველოს აბაშის, შიდა ქართლს გორის, ქვემო ქართლს და კახეთის ნაწილს სართიჭალის და კახეთის აღმოსავლეთ ნაწილს ლაგოდეხის შემნახველი ცენტრები.
სართიჭალის მარცვლეულის საშრობი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში 400 ტონა სიმინდის გაშრობა, ხოლო სულ 6000 ტონამდე გამშრალი სიმინდის დასაწყობება არის შესაძლებელი.