ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 23საათსა და 2330 საათს შორის, ფოთის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი. კერძოდ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი თანმხლებ პირებთან ერთად ათვალიერებდა საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დროსაც ტაძრის ეზოში მისულმა ჟურნალისტებმა ითხოვეს ინტერვიუს აღება მღვდელმთავრისგან, რაზედაც მიტროპოლიტის წარმომადგენელმა თავაზიანად განუმარტა, რომ უკვე გვიანია და ინტერვიუ არ შედგებოდა. ასე განმეორდა ორგზის.
მღვდელმთავარმა როდესაც დაასრულა მიმდინარე სამუშაოთა დათვალიერება და დავალებები მისცა მშენებელ ინჟინერს, გაემართა ტაძრის გალავნის ცენტრალური გასასვლელისკენ. გზად მიმავალ მღვდელმთავართან მიახლოებას ცდილობდნენ მომართული გადამღები საშუალებებით შეიარაღებული ჟურნალისტები, რომელთაც კვლავ განუმარტეს, რომ ამის გაკეთება არ არის საჭირო, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა ბოროტად ისარგებლა იქ მყოფ სასულიერო და საერო პირთა მოკრძალებული ტონით და თავშეკავებული ქცევით, არ ისმინა შეგონება, საკმაოდ კადნიერად მიიჭრა მღვდელმთავართან და ეს იმდენად მოურიდებლად და თავხედურად გააკეთა, რომ მეუფეს გადაადგილების საშუალება აღარ მიეცა და საოცარი ძალისხმევის შედეგად წაქცევას გადარჩა, თუმცა ჟურნალისტისთვის არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ გაეტარებინათ. ამას მოყვა თვით ამ ჟურნალისტის ისტერიული ქმედება.
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტზე თავდასხმა უცხო მოვლენა არ არის, მაგრამ იმან, რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბა, რამაც კიდეც დააბნია მღვდელმთავრის თანმხლები საერონი და სასულიერონი. შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სცადა ამ ჟურნალისტის გაჩერება, და რომ ვერ მოახერხა ამის გაკეთება, გადამღები საშუალება გადაუგდო, რაზედაც თავადაც ძალიან წუხს, თუმცა მხოლოდ ამან გახადა შესაძლებელი შექმნილი ჩიხური ვითარების დაძლევა. ეს ფაქტი ხდებოდა ფოთის სამღვდელოებისა და ირგვლივ მომუშავე ადამიანების თანდასწრებით. თვითმხილველთა აღწერით, მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი გაემგზავრა, ჟურნალისტმა მონახა გადაგდებული გადამღები საშუალება, აიღო ხელში და ამოიღო იქიდან მეხსიერების ბარათი და იქვე ქვაფენილზე დაანარცხა ეს გადამღები საშუალება; უკვე დაზიანებული აპარატის აღების მომენტი კი მეორე ჟურნალისტმა გადაიღო.
ეს არის მომხდარი ინციდენტის სრული აღწერილობა. აღნიშნული ფაქტი იმდენად აღმაშფოთებელია, რომ მისი კომენტარისგან თავს ვიკავებთ და მხოლოდდამხოლოდ ვაკმაყოფილებთ ფართო საზოგადოების სამართლიან და საფუძვლიან ინტერესს მომხდართან დაკავშირებით და სიცხადე შეგვაქვს იმაში, რაც განგებ საკმაოდ დამახინჯებულად და ტენდენციურად მიეწოდა საინფორმაციო სააგენტოებს. ზოგადად კი ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ადამიანები, რომელთაც ეს პროვოკაციული ქმედება ჩაიდინეს, თავიდანვე აქტიურად იყვნენ დაპირისპირებული ეკლესიასთან ფოთის საკათედრო ტაძრის დაბრუნების იდეის გამო და ყველანაირად ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ მღვდელმთავრისთვის, რომელიც დღენიადაგ იღწვის ეპარქიის სულიერი აღორძინებისთვის და ამაზე მეტყველებს ეპარქიაში აღსრულებული საქმეები და თვით საკათედრო ტაძარიც.
აქვე იმასაც დავსძენთ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ ჩრდილი მიაყენონ ეკლესიას ფოთის საკათედრო ტაძრის გახსნის დიდებულ საქმეს, ეს ისტორიული მოვლენა მაინც აღესრულება. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ ვწუხვართ მომხდარის გამო, მაგრამ ამის მომწყობებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საქციელი დიდი ზიანის მომტანია უპირველესად მათთვის. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ადამიანი ასე ცდილობს სარჩო-საბადებლის მოპოვებას, თუმცა მაინც მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
ღმერთმა შეუნდოს მათ ჩადენილი საქციელი“.