"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დღეს, ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 15 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“, - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.