მალაშხია : სამჯერ მეტი ადამიანი უჭერს  მხარს

მალაშხია : სამჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", ვიდრე „ქართულ ოცნებას“

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი შოთა მალაშხია ადასტურებს, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებულია, რაც  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაშია ნათქვამი.  აღნიშნული კომენტარი მალაშხიამ 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

„რეალურად, არის პარტიები, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და მის კურსზეა ორიენტირებული და არის პარტია, რომელიც ამბობს, რომ ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ. „ქართული ოცნება“, რეალურად ერთი კაცის პარტია, რადგან დანარჩენი პარტიების რეიტინგი ნულის ტოლია. ივანიშვილი ამბობს, რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ, ისევ ის ადამიანები უნდა დაბრუნდნენ, რომლებიც არც პენსიებს არიგებდნენ და კრიმინალურ სიტუაციებში იყვნენ ჩართული. ცხადია, ეს პოლარიზება იქნება“, – აღნიშნა შოთა მალაშხიამ.

მისივე განმარტებით, 1 ოქტომბერს, საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა თქვას, იგი წინსვლაზე, წარმატებაზე და მომავალზეა ორიენტირებული თუ უკან დაბრუნება უნდა.

„რეალური სურათი აჩვენებს, რომ ეს თანაფარდობა მინიმუმ ერთი სამთან არის,ანუ, სამჯერ მეტი ადამიანი უჭერს ნაციონალურ მოძრაობას მხარს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა from.ge–სთან საუბარში მალაშხიამ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული საარჩევნო გარემო პოლარიზებულია და ხასიათდება ხშირი საჯარო ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ.

"პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები საქართველოში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შარშან პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა", - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა საქართველოში 22 აგვისტოს დაიწყო. შუალედური ანგარიში კი 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.