ახალი საგადასახადო კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ოცამდე ღიად დარჩენილი საკითხის ბედი კვლავ გაურკვეველია და, სავარაუდოდ, ისე იქნება მიღებული,როგორც ეს თავდაპირველ პროექტში ეწერა. სამაგიეროდ, მთავრობა აცხადებს, რომ „რედაქციული ხასიათის ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნა“.
ივლისის ბოლოს, როდესაც საკითხი მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რამდენიმე საკითხი ღიად დარჩა შეუთანხმებლობის გამო და ითქვა, რომ საკითხის მესამე მოსმენით განხილვამდე ეს მუხლები დაზუსტდებოდა და შესაბამისად, მესამე მოსმენით განხილვისას კენჭისყრაზე ჯერ ეს მუხლები დადგებოდა და შემდეგ მესამე მოსმენით მთელი კანონპროექტი.
ამის საშუალებას პარლამენტს რეგლამენტი აძლევს. თუმცა, გაუგებარია თავად ის ფაქტი, თუ რატომ არ მოხდა ოპოზიციისა და ექსპერტების თხოვნის გათვალისწინება, რომ საკითხის განხილვა ასეთი დაჩქარებული რეჟიმით არ მიმდინარეობდეს.
ოფიციალურად, ანუ სამთავრობო ვერსიით კოდექსის განხილვა დაჩქარებული წესით არ ხდება, ვინაიდან განხილვის დაჩქარებული პროცედურის ვადებს რეგლამენტი ითვალისწინებს და ეს ვადები დარღვეული არ არის. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იმაზე ხდება აპელირება, რომ საკითხი დაჩქარებული წესით არ იხილება და ოპოზიციის თუ ექსპერტთა პროტესტი მიუღებელია.
პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ყველა საკამათო საკითხის დაზუსტებას საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ითხოვდა. შესაბამისად, უპრიანად მიიჩნევდნენ, რომ სამუშაო პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელებულიყო და საპარლამენტო განხილა საშემოდგომო სესიიზე მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ ეს კანონპროექტი ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს.
ხელისუფლებამ კი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და კანონპროექტის მიღება ივლისის ბოლომდე მოინდომა. არგუმენტად კი ის ფაქტორი დასახელდა, რომ გატარებული ცვლილებების გააზრებისთვის საზოგადოებას გარკვეული დრო ჰქონდეს.
ივლისში აღმოჩნდა, ხელისუფლება ამ საკითხის მისაღებად მზად არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ საკითხის მეორე მოსმენით განხილვა სწორედ იმ მიზეზის გამო გადაიდო, რომ გარკვეული საკითხების შეთანხმება ვერ მოხერხდა, შემდეგ კი მეორე მოსმენისას რამდენიმე საკითხი ღიად დარჩა.
როგორც საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ბუცხრიკიძე აცხადებს, ამ საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 168-ე მუხლი, რომელიც დღგ-გან გათავისუფლების საკითხს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით თავის დროზე საკმაოდ დიდი ხმაური ატყდა პროექტში არსებული იმ ჩანაწერის გამო, რომელიც მედიას დღგ-გან აღარ გაათავისუფლებდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაშინვე ითქვა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა.
გარდა ამისა, ამ მუხლში პრობლემა შეიქმნა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით. არსებული ჩანაწერით სამედიცინო აპარატურა ისევ უნდა დაბეგრილიყო ამ გადასახადით, რაც ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, სამედიცინო მომსახურებას გააძვირებდა და ბიუჯეტს უფრო მეტი დაუჯდებოდა, ვიდრე ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავალი.
სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მუხლის ეს ნაწილი გასწორდებოდა. თუმცა, მეორე მოსმენისას პრობლემა შექმნა იმ საკითხმა, რომ გასამიჯნი იყო რეალურად სამედიცინო აპარატურა დანარჩენი აპარატურისგან, რომელიც შეიძლება სამედიცინო კატეგორიაში გავიდეს, მაგრამ ძირითადად ფუფუნების საშუალებას წარმოადგენს. კახა ბაინდურაშვილის განმარტებით კი, ეს გამიჯვნა გაკეთებულია და ჯანდაცვის აპარატურა აღარ დაიბეგრება.
რაც შეეხება განათლებას, აქ პრობლემა შექმნა იმან, რომ სპორტული და სახელოვნებო სკოლები თავისუფლედებოდნენ ამ გადასახადისგან ოღონოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქ 16 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობდნენ. პარლამენტმა კი ამ ასაკობრივი ზღვარის გაზრდა 18 წლამდე მოითხოვა, ვინაიდან საშუალო განათლების მიღება სწორედ ამ ასაკამდე ხდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს საკითხები გასწორებულია.
„მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მეორე მოსმენისთვის რაიმე პრინციპული საკითხი იყო ღიად დარჩენილი. იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა დამატებითი კონსულტაციების გავლას იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ყოფილიყო გადაწყვეტილებები მიღებული და ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ უფრო მეტად დაგვეკონკრეტებინა.
მაგრამ ათეულობით შენიშვნა ეხებოდა ისეთ საკითხებს, რაც შინაარსს არ ცვლიდა, მაგრამ აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კოდექსი გამართული ყოფილიყო. მე ვიტყოდი, რომ თითქმის ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. შეიძლება იყოს რამდენიმე, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა, მაგრამ ამაზე ჩვენ დამაჯერებული არგუმენტები გვქონდა. თუ გახსოვთ, ეს საკითხები მეორე მოსმენისას იქნა გარკვეული. ახლა, ძირითადად, დარჩენილი იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები და გეუბნებით, რომ ყველა ეს შენიშვნა გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა „ბიზნეს-პრესასთან“ საუბრისას.
კოდექსის საკომიტეტო განხილვას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მაგრამ მათ არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამთ და კითხვაც კი არ დაუსვამთ მინისტრისთვის. არადა, ახალი კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას ერთ-ერთი არსებითი საკითხი ჩუმად იქნა გაპარებული და, წესით, ეს საკითხი ბიზნესსექტორს უნდა დაეყენებინა მაინც. საკითხი ეხება ბიზნესის დეფინიციას.
მას შემდეგ, რაც ახალ საგადასახადო კოდექსზე დაიწყო მუშაობა, მთავრობამ მთავარ სიახლედ ბიზნესის კატეგორიების ახლებური დეფინიცია გამოაცხადა. ამის მიხედვით კი ხდებოდა მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ცნებების ახლებური რეგულირება. მთელი აქცენტი კი მცირე ბიზნესზე კეთდებოდა, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესის კატეგორიაში ითვლება ის, ვისი წლიური ბრუნვაც არ აღემატება 100 000 ლარს. ეს ზღვარი კი 200 000 ლარამდე უნდა გაზრდილიყო.
რევოლუციურ იდეად და ეკონომიკის დაუყოვნებლივ აყვავების წყაროდ მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად სწორედ ამ საკითხს აცხადებდა, მაგრამ კანონპროექტის მეორე მოსმენისას ეს პრინციპი სადღაც გაქრა. თანაც ისე, რომ მთავრობას ამის შესახებ არაფერი უთქვამს და, როგორც ჩანს, რაიმეს თქმას არც აპირებს.
რატომ შეიცვალა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და თანაც ჩუმათ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ძნელი სათქმელია. პოლიტიკოსთან და ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ მთავრობამ უკან დაიხია და ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოუხდა. მსხვილფეხა ბიზნესმენებს კი ეს საერთოდ არ ადარდებთ.
სამაგიეროდ, მათ ფინანსთა მინისტრი ჰპირდება, რომ ამ შაბათ-კვირას სახელმწიფო ხარჯებით ანაკლიაში წაიყვანს და იქ მათთან ერთად განიხილავს იმ საკითხს, ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ქვენორმატიულ აქტები როგორ უნდა იქნას გამოცემული და ამოქმედებული.
შესაძლოა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ეჭვები უკვე თავად ამ პროცესში ბიზნესსექტორით ჩართულობასთან დაკავშირებით ჩნდება, ანუ ის, მათი მონაწილეობა რამდენად ეფექტური იქნება.