პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ინტელექტუალური რესურსი ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დროს ამოეწურა.
From.ge–სთან საუბარში ქეთევან ტომარაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ხალხს სამეულის: ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის იმედი ჰქონდა. ეს კარგად დაინახა სააკაშვილმა და ერთპიროვნული მმართველობა მოინდომა არა მარტო ფორმალურად, არამედ, რეალურადაც.
ამასთან, „სააკაშვილი ვერ აიტანდა, რომ ხალხის სიყვარული სამეულის ორ სხვა წევრზეც ნაწილდებოდა და მათი ჩამოშორების იდეით შეპყრობილი უკანონობის გზას დაადგა – ათასგვარი ხრიკებით დაშალა ტრიადა: ჯერ ჟვანია ჩამოიშორა, შემდეგ – ბურჯანაძე. ანუ, სააკაშვილმა ნგრევის გზა აირჩია. საზოგადოებამ მალევე დაინახა, რომ სააკაშვილს პოზიტიური ქმედებების განსახორციელებლად შინაგანი რესურსები არ ეყოფოდა. როგორც ჩანს, ამას თავად სააკაშვილიც მიხვდა, მიუხედავად ამისა, მან უმძიმესი შეცდომა დაუშვა, ფაქტობრივად უარი თქვა მრჩეველთა ინსტიტუტზე და ერთპიროვნულად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ, გაპრეზიდენტებიდან სულ ცოტა ხანში, სააკაშვილი ტოტალიტარიზმის გზას დაადგა“, – განაცხადა ქეთევან ტომარაძემ.
პარლამენტში ამჟამად მიმდინარე ნგრევა, ტომარაძის აზრით, არის კვინტესენცია იმ რვაწლიანი „მოღვაწეობის“, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ეწევა. მისივე განმარტებით, ეს არის უკანონობა, საკანონმდებლო ორგანოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა და საპარლამენტო ინსტიტუტის დასამარება.
„საქმე გვაქვს უღირს, ამბიციურ, საკუთარი მდგომარეობის ტკბობით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფთან, რომლებიც საღ აზრს, საზოგადოების მოთხოვნას უპირისპირდებიან და საკუთარი კეთილდღეობისა და ბედნიერების მორევში ჩათრეულნი ყოველგვარ უზნეობას სჩადიან. ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისაკენ, რაც აშშ–ს „დიდი მამების“ მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩამოყალიბდა და „ამერიკული ოცნების“ უმთავრეს პოსტულატად იქცა, სააკაშვილის გუნდის წევრებმა აღიქვეს, როგორც მხოლოდ თავიანთი პირადი ბედნიერებისაკენ სწრაფვა და ამას შესწირეს საქართველოში საპარლამენტო იდეის განვითარება. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანა იმ აბსურდის უმთავრეს სპექტაკლად იქცა, რომლის მთავარი „გმირები“ პრეზიდენტი და მისი გუნდია“, – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.
რაც შეეხება აპარატს, ტომარაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მე–7 მოწვევის დეპუტატები აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, მონებივით ექცევიან. „აპარატის თანამშრომლებს იმის უფლებაც არა აქვთ, იკითხონ, თუ რას უპირებენ მომავალში და სად დასაქმდებიან. ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია აპარატის თითოეული თანამშრომლისთვის, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.