არც ეკოლოგია, არც კანალიზაცია, არამედ რაღაც სხვა

არც ეკოლოგია, არც კანალიზაცია, არამედ რაღაც სხვა

საქართველოს შავი ზღვისპირეთი ევროპელი ტურისტებისთვის მიუღებელია. სპეციალისტების განცხადებით, სანამ აჭარაში ცისფერი ალმების სისტემა არ დაინერგება, მთავრობის მცდელობა განვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად ყოველთვის უშედეგო იქნება. შავი ზღვის სანაპირო კი მხოლოდ გარეგნულად ლამაზდება, წყალი კი ისეა დაბინძურებული, რომ დამსვენებელთა დიდი ნაწილი სახლებს კანის სხვადასხვა დაავადებებით უბრუნდება.

 

სპეციალისტების განცხადებით, წლის განმავლობაში შავ ზღვაში 20 მილიონი კუბური მეტრი კანალიზაცია ჩაედინება. კომუნისტების პერიოდიდან შემორჩენილი გამწმენდი საკანალიზაციო სისტემები საერთოდ მოშლილია. ფეკალური მასების გამო სხვადასხვა დაავადებების განვითარების პრობლემა მარტო აჭარაში არ დგას.

 

საკურორტო რეგიონების ეკოლოგიური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მთავრობა ტურიზმის განვითარებაზე საუბრობს და რატომღაც გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს. მაგალითად, თუ შავი ზღვისპირეთში ალმების სისტემა არ დაინერგა ისე ტურისტების რიცხვის გაზრდაზე საუბარი ზედმეტია. აჭარაში ხალხი ზღვაში საბანაოდ ჩადის, თუმცა რაც დრო გადის ზღვაში ბანაობა რისკის შემცველი ხდება. მაგალითად, ბალტიისპირეთში ტურისტების მოსაზიდად პირველი რაც გააკეთეს ცისფერი ალმების სისტემა დანერგეს, - ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი და აწ უკვე ექსპერტი ნინო ჩხობაძე.

 

მისი თქმით, როდესაც ტურისტი დასასვენებლად კურორტს არჩევს, უპირველესად იმას ამოწმებს არის თუ არა იმ ზონაში ცისფერი ალმების სისტემა. ეს ნიშნავს, რომ კორორტზე, რომელსაც ცისფერი ალამი აქვს მინიჭებული, წყლის ხარისხი მაღალია და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. აღსანიშნავია, რომ ცისფერი ალმების სისტემა ყველა ცნობილ კურორტზეა დანერგილი.

 

ამის გარეშე ტურისტი ვერ გარისკავს და ვერ დაისვენებს. ამიტომ არის, რომ ჩვენთან, ძირითადად, სომხები ჩამოდიან, ევროპელი ტურისტი აჭარაში გავლით თუ მოხვდება, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

 

მისი თქმით, ქობულეთის მახლობლად ახალი საკანალიზაციო გამწმენდი სისტემა დადგეს, რომელზედაც 70 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა ამ სისტემა ერთი საათითაც არ უმუშავია. 

 

კანალიზაცია პირდაპირ ჩაედინება ზღვაში. საერთოდ, კანალიზაციისა და სამელი წყლის პრობლემა თითქმის ყველა ტურისტულ ზონაშია, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

 

აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემები საქართველოს რამდენიმე ქალაქშია მოწესრიგებული, უამრავ რაიონში კანალიზაცია, უბრალოდ, არ არსებობს. მოსახლეობა სპეციალურ ჭებს თხრის, სადაც ფეკალურ მასებსა და სხვადასხვა ნარჩენებს აგროვებს, შემდეგ ქირაობს სპეციალურ მანქანას, რომელიც ამ ნარჩენებს იღებს და პირდაპირ მდინარეში უშვებს.

 

ასე რომ, ხელისუფლება ტურისტულ რაიონებს, კანალიზაციების გარეშე აშენებს. მაგალითად, სიღნაღის რეაბილიტაციისთვის ისე დაიხარჯა ათეულობით მილიონები, რომ ქალაქისთვის საკანალიზაციო სისტემების გაყვანა არავის გახსენებია. ამიტომაც სპეციალური ჭებიდან გადმოსული ფეკალური მასები მოსახლეობას პრობლემა ხშირად უქმნის. უკანალიზაციოდ შენდება ყვარელი და სხვა საკურორტო ზონებიც.

 

საერთოდ, კანალიზაციებიდან ჩამდინარე წყლები გამწმენდ ნაგებობებს გაივლის და მდინარეებში ისე ჩაედინება, თუმცა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოში საკანალიზაციო წყლების მხოლოდ ტექნიკური გაწმენდა ხდება, ისიც უხარისხოდ. ბიოლოგიურ გაწმენდა კი არსად კეთდება. ტექნიკური გაწმენდა ნიშნავს, რომ საკანალიზაციო ჩამდინარე წყლები მხოლოდ დიდი ნარჩრენებისგან იწმინდება, შესაბამისად იგი მდინარეების დაბინძურებას იწვევს.

 

მართალია, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზრუნვა უნდა ევალებოდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მის ფუნქციებში არ შედის. სამინისტროს ინფორმაციით, თუ ქვეყნის რომელიმე რაიონში ფეკალური მასების გამო წყალი ბინძურდება ეს საკითხი მუნიციპალიტეტმა უნდა მოაგვაროს.

 

სამინისტროში ადასტურებენ, ზღვა და მდინარეები წყალანირებიდან, ანუ კანალიზაციებიდან ჩამდინარე წყლებით ბინძურდება, ვინაიდან მათი ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამინისტრო იმასაც აღიარებს, რომ ამ ფაქტის დადასტურება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა და სამინისტრო მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

 

სპეციალისტების განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები სამინისტროს ფუნქციები კანონმდებლობითაც შეზღუდულია, თუმცა იგი საკუთარ მოვალეობებს სუსტი კანონმდებლობის ფარგლებშიც ვერ ასრულებს.

 

„ბოლო პერიოდში კეთდება განცხადებები, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია უნდა გაძლიერდეს და მას დამატებითი ფუნქციები განესაზღვროს. გარემოს დაცვის ინსპექციამ უნდა განახორციელოს პროგრამული მონიტორინგი, ამჯერად იგი მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით მუშაობს. თვითმმართველობებს გააჩნიათ ექსკლუზიური უფლებამოსილებები და დაბინძურების საკითხები თვითონ უნდა მოაგვარონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა ეხსნება. გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან სუსტია და საერთოდ გარემოს დაცვის საკითხები თანდათად არაპრიორიტეტული ხდება“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია СENN-ის პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.

 

მისი განცხადებით, დიდი კომპანიები ბიუჯეტის შევსების სერიოზული წყაროს წარმოადგენენ, ასევე მათ ძლიერი მფარველები ჰყავთ. ამიტომ ხელისუფლება ხშირად გარიგებებზე მიდის და მსგავს ფაქტებზე თვალს ხუჭავს. ამასობაში კი, ფეკალური მასები, კომპანიის მიერ შექმნილი ნარჩენები, გამონაბოლქვი გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას უდიდეს ზიანს აყენებენ, ამ ყველაფერზე კი ხელისუფლება დუმს, ტურიზმის განვითარებაზე კი ომახიანად საუბრობს.