ხელისუფლება სტრატეგიულ ობიექტებში ხელშეუხებელ წილს იმდენად სწრაფად იმცირებს, რომ სულ მალე ქვეყანაში ხელშეუხებელი და სტრატეგიული აღარაფერი დარჩება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მთავრობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს და მისი სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება.
მთავრობა ნავთობის ეროვნულ კომპანიაში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული წილის ოდენობას ამცირებს. ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში შედის ცვლილებები, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა. მოქმედ კანონში წერია, რომ ნავთობის ეროვნული კომპანია არის საწარმო, რომლის წილის (აქციების) 75%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი.
კანონპროექტით კი, სახელმწიფოს კომპანიაში მხოლოდ “50%-ზე მეტის ფლობის” გარანტია ექნება. შესაბამისად, თუ აქამდე ნავთობის ეროვნული კომპანიის, რომლის საკუთრებაში შედის გაზსადენი და სხვა ინფრასტრუქტურა, უცხოურ ბირჟებზე მხოლოდ აქციების 25% უნდა გასულიყო, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბირჟაზე გასატანი აქციების რიცხვი გაიზრდება. სახელმწიფოს საკუთრებაში კი მხოლოდ “50%-ზე მეტი” დარჩება, რაც იმის გარანტიაა, რომ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.
საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ ფორმულირებას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელის, ოპოზიციონერი დეპუტატის გურამ ჩახვაძის თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფოს საკუთრებაშია კორპორაციის 75-პროცენტიანი წილი, რაც იმის გარანტიაა, რომ სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სექტორზე კონტროლს ინარჩუნებს.მთვარობა კი მის 50 პროცენტამდე შემცირებას აპირებს.შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 50-პროცენტიანი წილი დარჩება, რაც გაუმართლებელია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება პარლამენტში მალე მოხდება.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ითხოვს, რომ ამ კანონპროექტების განხილვა საერთოდ შეჩერდეს.
“ჩვენ მთავრობა გვიტკიცებს, რომ ის არ აპირებს საკონტროლო პაკეტის გაყიდვას. პარალელურ რეჟიმში კი შემოიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმად, გაზის კორპორაციაში სახელმწიფოს სავალდებულო მონაწილეობა 50%-მდე უკვე შეამცირა. უკვე ეს კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთავრობას სიტყვიერად ვერ ვენდობით. თვალსა და ხელს შუა კანონს ცვლიან და ხვალ და ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. მაგრამ ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ.
ამიტომ სჯობს, ამ კანონპროქტის განხილვა საერთოდ შეჩერდეს,ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით და არ მივიღებთ ძალიან მყარ გარანტიებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კომპანიების ხელში არ აღმოჩნდება”, - აცხადებს ვეფხვაძე.
პარტია “თავისუფალი დემოკრატები” კი სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას “ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ”აფასებს. “დღესდღეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟების მდგომარეობა კრიზისულია, ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი,მითუმეტეს - ახალი, რომელიც საფონდო ბირჟაზე გადის, გაცილებით ნაკლებ თანხად ფასდება, ამდენად მათი გაყიდვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
ოპოზიციონერები დარწმუნებულები არ არიან, რომ საუბარი სტრატეგიული ობიექტების აქციების მართლაც მხოლოდ მცირე წილის გასხვისებას ეხება და რომ საქმე არ გვექნება მორიგ ფარულ პრივატიზებასთან.
“ასეთი ობიექტების ხელში ჩაგდება, პირველ რიგში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს უნდათ და ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველოა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების წილის ისეთი ქვეყნების მიერ შესყიდვა, რომლებიც მომავალში ჩვენვე შეგვზღუდავენ, საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება”, -განაცხადა ონოფრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინათ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებით წერილით მიმართა და იმის განმარტება მოითხოვა, რატომ აპირებენ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასა და მათი აქციების სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე გატანას.
“ამ ეტაპზე ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტისთვის და შემდეგ უკვე მომავალი არჩევნებისთვის სახსრების მოზიდვა აინტერესებს, რადგან არცერთი სერიოზული ინვესტორი არც რკინიგზის და არც გაზსადენის 15-20 პროცენტს არ იყიდის”, - დასძინა ონოფრიშვილმა.