ბოლო დროს ბინების გაქირავების და დაგირავების ფასმა თვალშისაცემად მოიმატა. შემოდგომის დადგომამ და სწავლის დაწყების თარიღმა ბაზარი კი გამოაცოცხლა, მაგრამ მაზანდაც მაღლა ასწია. უძრავი ქონების სფეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ ბინის ქირის ფასმა სექტემბრიდან 10-15 პროცენტით მოიმატა.
მშენებლობის ექპერტის გურამ ფალავანდიშვილის აზრით, ქირაზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევაა. მეორე მიზეზი სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლებას უკავშირდება. არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. მართალია, რისკი კვლავ არსებობს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც ეს ბოლო 2-3 წელიწადში შეიმჩნეოდა.
გარდა ამისა, ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა რაიონებიდან ჩამოსულთა რაოდენობამ, რომლებსაც დედაქალაქში უწევთ ბინის დაქირავება. “ტენდენცია ცხადყოფს, რომ რაიონებში მოსახლეობას შედარებით მეტი ფული გაუჩნდა. მართალია, ყიდვას ბევრი ვერ ახერხებს, მაგრამ აქვთ იმდენი, რომ ფართი თბილისში დაიგირავონ ან იქირავონ კეთილმოწყობილი ბინა. მათი აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება სექტემბრში, თუმცა პროცესები ისე მიდის, რომ ვფიქრობ, ეს არ იქნება მხოლოდ სეზონური ცვლილება და ბინების გაქირავებაზე მოთხოვნა მომავალშიც მეთოდურად გაგრძელდება”, - აცხადებს ფალავანდიშვილი.
ქალაქის ცენტრში ბინის ქირის ფასი, ძირითადად, დოლარებში განისაზღვრება, გარეუბნებში კი ანაზღაურება ლარშიც არის შესაძლებელი.
თბილისში ბინის დაქირავების ფასი ამ ეტაპისთვის ასეთია: საბურთალოზე ერთოთახიანი კეთილმოწყობილი გასაქირავებელი ბინის მინიმალური ოდენობა 200-300 დოლარის ფარგლებშია. 300-500 დოლარია ვაკეში, სადაც ორ და სამოთახიანი ბინების ფასი 500-800 დოლარს შეადგენს და ზემოთ. ანალოგიურია გასაქირავებელი ბინების ღირებულება ვერის უბანსა და მთაწმინდა-სოლოლაკში. თუმცა, იტალიურ ეზოებში შედარებით იაფია და მისი დაქირავება ზოგ შემთხვევაში 200 ლარადაც არის შესაძლებელი. 200-250-დოლარიანი მაზანდა მოქმედებს კრწანისსა და ჩუღურეთის რაიონებში. ამდენივეა, მეტ-ნაკლები ცვლილებებით, დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. გარეუბნებში, თემქასა და გლდანში ბინები 200-350 ლარად ქირავდება, დაახლოებით, ასეთი ფასია ისანი-სამგორსა და ვარკეთილში.
კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა ფასები ბინების დაგირავების მხრივ. ამ სეგმენტში მოთხოვნა შეთავაზებებზე გაცილებით მაღალია და გარიგების ფასი ხშირად ბინების ღირებულებასაც კი უტოლდება. შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით გარიგების ამ ტიპზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
სააგენტო “თემიდაში”, რომელიც ძირითადად ვაკე-საბურთალოს რაიონის უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს, აცხადებენ, რომ მოთხოვნა-შეთავაზებას შორის მკვეთრი შეუსაბამობაა, რამაც გირაზე ფასი საგრძნობლად გაზარდა. “მოთხოვნა გაიზარდა იმიტომ, რომ მოსახლეობას ბინის ყიდვისთვის საკმარისო ფული არა აქვს, ხოლო პოტენციური დამგირავებელი დაგირავებისგან თავს იკავებს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ აღებული თანხის დაბრუნებას შეძლებს, ანუ ბინის დაკარგვის რისკი არსებობს, ამიტომ ურჩვენია არჩევანი ქირაზე გააკეთოს”, - განაცხადეს “თემიდაში”.
სააგენტო “ახალ სახლში” კი, რომელიც მომხმარებელს გლდანი-ნაძალადევის რაიონში ემსახურება, ამბობენ, რომ გირაზე მოთხოვნა პერიფერიებშიც გაზრდილია, თუმცა შეთავაზების დეფიციტი აქაც საგრძნობია, რაც შესაბამისად ზრდის გირაზე ფასს. “შარშან შემოდგომიდან ხალხი ერიდება ბინების გირით გაცემას. ამის ზუსტი მიზეზის თქმა გვიჭირს, თუმცა ალბათ, მაინც ზედმეტი მოთხოვნის გამო გაზრდილმა ფასმა დააფრთხო დამგირავებელი”, - აცხადებენ “ახალ სახლში”.
ამ დროისათვის ქალაქის ცენრტალურ უნბებში ერთოთახიანი ბინის დაგირავება 20-დან 30 ათას დოლარამდე ჯდება. ქალაქის გარეუბნებში კი 12-15 ათასი დოლარი ღირს.