საქართველო „ნაციონალებისთვის“

საქართველო „ნაციონალებისთვის“

ნაციონალებს ფული სჭირდებათ, - ეს არის ერთად-ერთი ახსნა, თუ რატომ ამბობს ხელისუფლება “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წილზე უარს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ეს ხელისუფლება პირობას დებდა, რომ სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნაცმოძრაობის გენმდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა პარასკევს, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. ამ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილებოდა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, სტრატეგიული ობიექტების 25%-იანი წილი საფონდო ბირჟებზე განათავსოს.

 

თავისთავად ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს არგუმენტი ჰქონდა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციასაც და მათ მოითხოვეს კანონმდებლობაში იმ გარანტიის ჩაწერა, რომ საკონტროლო პაკეტი მუდმივად საქართველოს ხელისუფლების ხელში დარჩება.

 

სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა მელიქიშვილმა, რომ ვიდრე ნაციონალები არიან ხელისუფლებაში, საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდებაო.

ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ კი, ისე, რომ ჯერჯერობით ის კანონპროექტი პირველი მოსმენითაც კი არ არის მიღებული, პარლამენტში ინიცირებული იქნა ახალი კანონპროექტი, რომელიც სტრატეგიული ობიექტების საფონდო ბირჟებზე განსათავსებელი წილის გაზრდას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების -ზვიად კუკავას და თეიმურაზ წურწუმიას სახელით არის ინიცირებული.

 

“ნავთობისა და გაზის“ შესახებ მოქმედ კანონში წერია, რომ ნავთობის ეროვნული კომპანია არის საწარმო, რომლის წილის (აქციების) 75%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. კანონპროექტით კი, სახელმწიფოს კომპანიაში მხოლოდ “50%-ზემეტის” ფლობის გარანტია ექნება.

 

შესაბამისად, თუ აქამდე უცხოურ ბირჟებზე ნავთობის ეროვნული კომპანიის (მის საკუთრებაში შედის გაზსადენი და სხვა ინფრასტრუქტურა) აქციების მხოლოდ 25% უნდა გასულიყო, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბირჟაზე გასატანი აქციების რაოდენობა გაიზრდება. სახელმწიფოს საკუთრებაში კი მხოლოდ «50%-ზე მეტი“ დარჩება.

 

ცხადია, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას 49,9%-ის გასხვისების უფლება ექნება. მართალია, საკონტროლო პაკეტი ისევ ხელისუფლების ხელში დარჩება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტის დაკარგვისთვის მხოლოდ 0,2%-იც კი იკმარებს.

 

სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სახიფათოდ მიიჩნევენ ექსპერტებიც და ოპოზიციაც.

 

„მე არაერთხელ მითქვას და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც არის საქართველო მოქცეული, როდესაც არის ამდენი სერიოზული მტერი, მე ამ სიტყვას ხმამაღლა ვამბობ, რადგან ვიცით რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ვიცით, ვინ არის ყველაზე სერიოზულად დაინტერესებული თუნდაც გაზსადენის ან რკინიგზის შესყიდვით, ბუნებრივია, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა.

 

ლევან ვეფხვაძეც ამ საშიშროებაზე საუბრობს და ითხოვს, რომ ამ კანონპროექტების განხილვა საერთოდ შეჩერდეს.

 

„სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში პოლიტიკური ინტერესიუფრო მეტია, ვიდრე ბიზნეს-ინტერესი. შესაბამისად, ის ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, იგივე ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი, დაინტერესებული იქნება ამ ობიექტებით.

 

გარდა ამისა, ჩვენ მთავრობა გვიტკიცებს, რომ ის არ აპირებს საკონტროლო პაკეტის გაყიდვას. პარალელურ რეჟიმში კი შემოიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმად, გაზის კორპორაციაში სახელმწიფოს სავალდებულო მონაწილეობა 50%-მდე უკვე შეამცირა. უკვე ეს კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთავრობას სიტყვიერად ვერ ვენდობით. თვალსა და ხელს შუა კანონს ცვლიან და ხვალ და ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. მაგრამ ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ.

 

ამიტომ სჯობს, ამ კანონპროქტის განხილვა საერთოდ შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ სტრატეგიულობიექტებთან დაკავშირებით და არ მივიღებთ ძალიან მყარგარანტიებს იმისას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კომპანიებისხელში არ აღმოჩნდება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

საინტერესო კი ის არის, თუ რით ხსნის ხელისუფლება პოზიციის სამ დღეში შეცვლას. რა შეიცვალა ამ დღეებში ქვეყნისთვის და რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფონდო ბირჟებზე მეტი წილი გავიდეს და ბოლოს - რატომ გვატყუებდნენ სამი დღის წინ?

 

ეს არის ის კითხვები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება და, ცხადია, პასუხს ითხოვს. მაგრამ ხელისუფლებას პასუხის გაცემა არ სურს. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის არც ერთმა წევრმა, გარდა ზურაბ მელიქიშვილისა, ამ თემაზე საუბარი არ მოისურვა.

 

მელიქიშვილი კი იმას აცხადებს, რომ მას საზოგადოების ამ შიშის არ ესმის.

 

„ამით მოხდება აქციების განთავსება აპრობირებულ და ძლიერ ბირჟებზე. აღნიშნული ხელს უწყობს იმას, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი, მოიზიდონ ინვესტიცია. ერთის მხრივ - შეინარჩუნონ და განმტკიცონ დასაქმებულთა რაოდენობა, მეორეს მხრივ - გაზარდონ. მხოლოდ ამისთვის ხორციელდება ეს ცვლილება.

 

რაც შეეხება იმ საკითხებს და იმ ობიექტებს, რომელთა ხსენებასაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხშირად სპეკულაციური ელფერი დაჰკრავს, მინდა, გითხრათ, რომ ამ ობიექტებთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონტროლო პაკეტი იქნება საკუთრებაში და ამას არაფერი არ შეეხება“, - აცხადებს ზურაბმელიქიშვილი.

 

მაგრამ ჯერი იმ კითხვაზე რომ მიდგა, თუ რატომ გახდა სამ დღეში ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო, მელიქიშვილმა ამაზე პასუხის გაცემა აღარ მოინდომა.

 

მე რა გითხრათ, მე ხომ არა ვარ ამის ინიციატორი? მე ის ვიცი, რომ საკონტროლო პაკეტი მუდმივად იქნება სახელმწიფოს ხელში. პოლიტიკა რაც არის, არის ის, რომ საკონტროლო პაკეტი იმ ობიექტებზე, რაზეც ასეთი შეშფოთება გამოთქვეს, არის და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. რა მნიშვნელობა აქვს, 75 ეწერება თუ 51? მთავარი ამოსავალი ხომ ის არის, რომ საკონტროლო პაკეტს არავინ შეეხება“ - განაცხადა მელიქიშვილმა.

 

შემდეგ უკვე არაოფიციალური საუბრისას კი ამის მიზეზად ისფაქტორი დაასახელა, რომ „ამით მეტი აქცია გაიყიდება და მეტიფული იქნება“.

 

ცხადია, რომ ეს ყველაფერი „მეტი ფულის“ მისაღებად კეთდება. მაგრამ საინტერესო ის არის, ეს ფული რაში დაიხრაჯება და უღირს თუ არა ქვეყანას ეს ფული იმად, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ქვეშ.

 

ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ეს ფული ხელისუფლებას არჩევნებისთვის ჭირდება.

 

„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ ის, რაც გაკეთდა თბილისში, როდესაც ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან დაახლოებით, ას მილიონამდე ლარი გამოითავისუფლა მოქალაქეების ხარჯზე. ის, რაც ხდება ახლა სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით, როდესაც მილიარდამდე ლარის ამოღებას ელიან სტრატეგიული ობიექტების აქციების განთავსებით, საბოლოო ჯამში ეს ფული წავა იმ საარჩევნო კამპანიაზე, რასაც ნაცმოძრაობა მომავალი წლისთვის გეგმავს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაღაც ერთჯერად პროგრესს დაანახებენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეები შეიძლება აღმოჩნდნენ მტრული ქვეყნების პირდაპირი გავლენის ქვეშ. სახელმწიფოს ინტერესი კი ეს ნამდვილად არ არის“ - აცხადებს ვეფხვაძე.

 

ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, „ხელისუფლების ქმედებების დინამიკა აჩვენებს, რამდენად საშიში შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი. დღეს 51%-მდე ამცირებენ, ხვალ 49-მდე შეამცირებენ და მთავრობას ფული როდის რამდენი დაჭირდება, ჩვენ სად ვდიოთ? შესაბამისად, ყველა ჯერზე თუ თავის ვალდებულებას ვერ შეასრულებს და მოინდომებს გაყიდვას, ნელ-ნელა ეს წილი შაგრენის ტყავივით შემცირდება და მივიღებთ იმ რეალობას, რომელიც პერსპექტივაში ჩვენთვის, შესაძლოა, ძალიან მძიმე და გამოუსწორებელიაღმოჩნდნეს“.