დაბალი ტარიფების მქონე ავიაკომპანია გაფართოებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისკენ თბილისიდან იწყებს

დაბალი ტარიფების მქონე ავიაკომპანია გაფართოებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისკენ თბილისიდან იწყებს

დუბაის ნოვატორული, დაბალი ტარიფების მქონე ავიაკომპანია flydubai–მ გაერთიანებული საემიროებიდან თბილისის მიმართულებით ფრენაზე ქართული მხარისგან ოფიციალური ნებართვა მიიღო. Flydubai-ისთვის თბილისის მიმართულებით რეისი რიგით 45–ეა.

ავიაკომპანია flydubai 2008 წლის მარტში შეიქმნა და ფუნქციობა 2009 წლის ივნისში დაიწყო. ამავე წელს შეიქმნა 39 საოპერაციო მარშრუტის ქსელი სპარსეთის ყურეში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთის ნახევარკუნძულზე, აზიასა და ევროპაში. მისი საჰაერო ფლოტი 19 ხომალდისგან შედგება. Flydubai  დაბალი ტარიფების მქონე და სწრაფად მზარდი კომპანიაა.

შეთანხმებას არაბულ მხარესთან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტისას მიაღწია. კარბელაშვილის თქმით, Flydubai–ის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და  არაბეთის გაერთიანებული საემიროების ურთიერთობებში.

„დარწმუნებული ვარ, flydubai–ის მიერ თბილისის და დუბაის დაკავშირება  ქვეყნებს შორის კავშირების  დამყარებასა და განმტკიცებაში დაგვეხმარება. ჩვენ მრავალისაერთო ინტერესი გვაქვს როგორც  საბანკო და უძრავი ქონების, ისე ნავთობის, გაზისა და ტურიზმის სფეროში,” -  განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.

Flydubai–ის აღმასრულებელი დირექტორის, გაით ალ გაითის თქმითკი, დუბაისა და თბილისის ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლო აღმოსავლეთში. „არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგიონიდან 55,000–ზე მეტი ექსპატრიატი ცხოვრობს. ამასთან, ემირატებს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი რეისები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის მგზავრობის გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაში,“ - ამბობს  გაით ალ გაითი.

Flydubai ამჟამად რეისებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთ ქვეყანაში ასრულებს: სომხეთში,  აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქმენეთში. ამასთან, Flydubai  ორ ახალ მარშრუტს დაამატებს რუსეთის მიმართულებით, ხოლო უკრაინაში რეისებს კიევისა და ხარკოვის მიმართულებით შეასრულებს.

რეისები თბილისის მიმართულებით 2011 წლის 4 ნოემბერს დაიწყება და  კვირაში ორჯერ შესრულდება. რეისი დუბაის მე–2  ტერმინალიდან  23:45 საათზე გამოფრინდება და თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 03:15 საათზე დაეშვება, ხოლო რეისი უკუმიმართულებით  თბილისიდან  04:00 საათზე გაფრინდება.

 

დუბაი–თბილისის ორმხრივი ბილეთის ფასი 270 დოლარიდან (990 დირჰამიდან) იწყება ხოლო რეგისტრირებული ბარგის გადატანის საფასური 14 დოლარიდან (20კგ–სთვის) იქნება.