თავის დროზე, ”ლაღიძის წყლებს” და ლაღიძის ლიმონათს ”კოკა-კოლასთვის” კონკურენცია რომ არ გაეწია, გამჭრიახმა თემურ ჭყონიამ მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი - ვახტანგ ლაღიძე ”კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიაში” მეორე კაცად მიიწვია. არაპირდაპირი საშუალებების გამოყენებით ”ლაღიძის წყლები” ”კოკა-კოლამ” ჯერ დააკნინა, ხოლო შარშან თბილისის სიამაყე, რუსთაველის გამზირზე მდებარე - ”ლაღიძის წყლები” გააუქმეს.
ამჟამად, ეტყობა, ”კოკა-კოლას” გაყიდვები იმდენად შემცირდა, რომ თემურ ჭყონიამ ლიმონათის ბაზრის დასაკუთრება მოინდომა. ხელისუფლებასთან მისი კარგი დამოკიდებულების მიუხედავად, ამჯერად, ბიზნესმენს ეს გაუჭირდება. მისი მთავარი კონკურენტი გოგი თოფაძის ”ყაზბეგის” გარდა, ”ნატახტარი”, ცეზარ ჩოჩელი და სხვა, ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მწარმოებლები არიან.
მთავარია, რომ ”ლაღიძის წყლები” შეიძლება აღორძინდეს. ფაქტი მისასალმებელია, თუმცა რა იქნება ეს - მიტროფანე ლაღიძის საქმის ღირსეული გაგრძელება თუ პროფანაცია - უცნობია.
ლიმონათის მწარმოებლები ლაღიძის ლიმონათის მხრიდან სერიზულ კონკურენციას არ აღიარებენ.შეგახსენებთ: „ლაღიძის ლიმონათის“ მწარმოებელი კომპანია „სიტრო“ აცხადებს, რომ მათმა პროდუქტმა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ბრენდებს სერიოზული კონკურენცია გაუწია.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ლიმონათის სხვა ქართველი მწარმოებლები. კომპანია „ნატახტარში“ ამბობენ, რომ „ლაღიძის ლიმონათის“ ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მათ გაყიდვებში არაფერი შეცვლილა. „ჩვენი ლიმონათის გაყიდვები არ შემცირებულა. ბუნებრივია, „ლაღიძის ლიმონათს“ კონკურენტად განვიხილავთ, თუმცა ბაზრის რა წილი უკავია მას, ამაზე კვლევები არ ჩაგვიტარებია. საერთო მდგომარეობით კი, ჩვენი გაყიდვების მაჩვენებლი „ლაღიძის ლიმონათის“ ბაზარზე შემოსვლით არ შემცირებულა,“ – აცხადებენ „ნატახტარში“.
პირდაპირ კონკურენტად არ განიხილავს „ლაღიძის ლიმონათს“ ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „შხეფი“. აქ აცხადებენ, რომ „ლაღიძის ლიმონათს“ გავრცელების ფართო არეალი აქვს, რაშიც მას „კოკა კოლას“ ფაქტორი ეხმარება. „კოკა კოლა“ ნებისმიერ სავაჭრო ქსელში შედის და ბაზრის მნიშვენლოვან ნაწილს იკავებს, ჩვენ სხვა სეგმენტში ვართ წარმოდგენილი, ძირითადად, „ნიკორას“ ქსელში, ამდენად „ლაღიძის ლიმონათის“ გაყიდვების მაჩვენებლი ჩვენსას უშუალოდ არ ურტყამს,“ – განაცხადეს „შხეფში“.