„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობა მძვინვარებს, წყალტუბოს რაიონში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. წყალტუბო, როგორც კურორტი არ ფუქციონირებს, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, ისეთები, როგორებიცაა მეჩაიეობა და მეხილეობა განადგურებულია, მემწვანილეობა სულს ღაფავს ტრადიციული რუსული ბაზრისა და ადგილობრივი ბაზრის დაკარგვის გამო, გუმბრინის უნიკალური სამთო ქიმიური საწარმო თავისი სიმძლავრეების 5%-ითაც ვერ ფუნქციონირებს.
გაუბედურებული, წყალტუბოს შეხიზნული დევნილებით გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობის ხარჯზე, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფულია“, - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ იოსელიანი.
იოსელიანი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, ალეკო შალამბერიძესთან ერთად განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ერთადერთი გზა მოსახლეობის სიღატაკიდან ამოყვანისა და მათი გადარჩენისა არის რუსეთის ბაზრის გახსნა, რათა ამ რეგიონის ტრადიციული სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდეს რუსულ ბაზარზე, რომელსაც არანაირი რეკლამა არ სჭირდება, რამდენადაც რუსული ბაზრისთვის იგი საკმაოდ ცნობილია და შესაბამისად მოთხოვნადია.
„ასევე საჭიროა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის, რათა რუსეთის მოსახლეობისათვის ასე კარგად ნაცნობი წყალტუბოს კურორტი გახდეს მათთვის თავისუფლად მისაწვდომი, რაც დამსვენებლების დიდი რაოდენობით მოზიდვას, წყალტუბოს სანატორიული ინფრასტრუქტურის და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
ამასთან, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის მოწესრიგებით, საშუალება მოგვეცემა დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები რუსეთთან, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ნაწილის დეოკუპაციასთან, საქართველოს გაერთიანებასთან და დევნილების მშობლიურ ადგილებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს ქალაქებიდან, ისე წყალტუბოდან.
და ბოლოს, აუცილებლად აღვადგენთ მოსკოვი - წყალტუბოს სარკინიგზო მარშრუტს, როგორც სიმბოლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრული და ურთიერთსარგებლიანი პარტნიორობისა“, - ნათქვამია განცხადებაში.