სასწავლო წლის სტარტი მშობლებისთვის ურთულესი იქნება

სასწავლო წლის სტარტი მშობლებისთვის ურთულესი იქნება

სასწავლო წლის სტარტი მშობლებისთვის ურთულესი იქნება

ჯერჯერობით მოსწავლეთა მშობლებს არ დაუანგარიშებიათ თუ რა უჯდებათ წლეულს შვილების სკოლებში გაგზავნა, მაგრამ ოპოზიციამ ზოგადი ციფრი უკვე წარმოადგინა. ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ სახელმძღვანელოებისთვის მინიმუმ 100, ხოლო მაქსიმუმ 260 ლარი იქნება საჭირო. ციფრები შემაშფოთებელი და შემაშინებელია. 

ოპოზიცია უკვე აპროტესტებს სასკოლო სახელმძღვანელოების სიძვირეს. მათი გაანგარიშებით, მოსახლეობას შეღავათი სულაც არ უგვრძნია. მთავრობა კი მხოლოდ და მხოლოდ ტყუილ განცხადებებს აკეთებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას სკოლის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების ფასების სიძვირესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებით მიმართავს. მათი ერთ-ერთი ლიდერის ნესტან კირთაძის თქმით, სახელმძღვანელოების კატასტროფული ფასები მხოლოდ სოციალური პრობლემა არაა, ეს ზოგადეროვნული პოლიტიკის საკითხია, რომელიც საქართველოს მომავალთან არის დაკავშირებული.

“ხელისუფლებისა და განათლების სამინისტროსაგან გაპიარებული ფარსი სკოლის სახელმძღვანელოების მინიმალურ ფასებთან დაკავშირებით, არის სრული სიყალბე. სინამდვილეში, ეს ფასები კატასტროფულია და მერყეობს 100-დან 260 ლარამდე, რასაც ემატება საკანცელარიო და სხვა სასწავლო ნივთების ასევე კატასტროფული ფასები.
 
განათლების სამინისტროს რეფორმად წოდებული გაუთავებელი ექსპერიმენტების წყალობით, ახალი წიგნების შეძენა ყოველწლიურად სავალდებულოა, რაც მხოლოდ მონოპოლიური კომპანიებისა და სახელისუფლებო კლანების ბიზნეს ინტერესებს ემსახურება. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ თავიანთ შვილებს სრულყოფილი საშუალო განათლება მაინც მისცენ”, - განაცხადა კირთაძემ.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს გაუქმდეს საბაჟო გადასახადი წიგნების საბეჭდ მასალებზე და სასწავლო ნივთებზე, რაც მინიმუმ გაანახევრებს მათ ღირებულებას.
“კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით მოწაფეებისათვის და მით უმეტეს, სოციალურად დაუცველებისათვის, რომელიც ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, უფასოდ გადასცეთ სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები. შესაბამისი ხარჯი გაიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, პრეზიდენტის და თბილისის მერის მრავალმილიონიანი სარეზერვო ფონდებიდან, რომელიც დახურულია და იაფფასიან შოუებს, კონცერტებს და მათ გართობებს ხმარდება.
 
მივმართავთ გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს და თბილისის გაეროს ოფისს, რომ მუდმივი და თანმიმდევრული მონიტორინგი განახორციელონ საშუალო განათლების სოციალური დაცვის საკითხებზე”, - განაცხადა კირთაძემ. 
ჯერჯერობით მოსწავლეთა მშობლებს კონრკრეტულად არ დაუნგარიშებიათ შვილების სკოლაში გაშვება რა თანხა დაუჯდებათ, თუმცა იაფი რომ არ იქნება, ყველამ იცის. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ბაზრობა გაიხსნა, მომხმარებელი საკმაოდ პასიურია. ამის მიზეზი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მკვეთრი შემცირება და პროდუქციაზე ფასების ზრდაა. 

გარდა წიგნებისა, მოსწავლეებს უამრავი რამ სჭირდებათ - უბრალო ფანქრით დაწყებული, სასკოლო ჩანთით დამთავრებული. ამ ყველაფერზე კი ფასები, შარშანდელთან შედარებით, 10-15 პროცენტით გაზრდილია. 
გასაკვირი არ არის, რომ მშობლების უმრავლესობა საგონებელშია ჩავარდნილი. სასწავლო წლის დაწყება, როგორც ყოველთვის სოლიდურ დანახარჯებთან ასოცირდება. შემცირებული შემოსავლების, გაზრდილი ინფლაციისა და გადასახადების ფონზე წლევანდელი სასწავლო წლის სტარტი ყველაზე მძიმე იქნება.