როგორც წესი სარეკლამო ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებს ან გაზაფხულზე ელიან ან შემოდგომაზე. წლევანდელმა გაზაფხულმა დარგის სპეციალისტებს მოლოდინი არ გაუმართლა. როგორც ჩანს, არც შემოდგომით იქნება განსაკუთრებული წინსვლა, ყოველ შემთხვევაში, ოქტომბრამდე მაინც.
შეიძლება ითქვას, რომ შეკვეთების რაოდენობა სარეკლამო კომპანიებს ზაფხულში გაუნახევრდათ. ამ სექტორში სერიოზულ ზრდას არც სექტემბერში ელოდებიან. სარეკლამო აქტივობა შემცირებული იყო წლის პირველ და მეორე კვარტალშიც. მდგომარეობის გამოსწორებას სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ოქტომბრამდე რეკლამაზე მოთხოვნა პასიური იქნება.
შარშანდელთან შედარებით, წლეულს სარეკლამო აქტივობა, დაახლოებით, 15-20 პროცენტით არის შემცირებული. მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ ვითარება გაუმჯობესდებოდა, თუმცა არა და არ გამართლდა. აქტივობა შეამცირეს ისეთმა კომპანიებმაც, რომლებიც წინა წლებში სარეკლამო კამპანიის ლიდერები იყვნენ.
სარეკლამო კომპანია “პროლუკში” აცხადებენ, რომ ზაფხული მათ საქმიანობაში პასიური იყო, რაც ამ სეზონისთვის ტრადიციულადაა დამახასიათებელი. მოთხოვნის ზრდას კომპანიაში სექტემბრიდან ვარაუდობენ.
“ივლისიდან შეკვეთები სერიოზულად შეგვიმცირდა. ვერ გეტყვით,რომ გაზაფხული ძალიან აქტიური იყო, მთლიანად სარეკლამო ბიზნესში ზოგადი მდგომარეობა ცუდია. ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, ფულის დეფიციტია, რაც რეკლამებზე სეზონურად ჰპოვებს ასახვას.შეიძლება რაღაც პერიოდში აქტიურობა შეიმჩნეოდეს, მაგრამ უმეტესად ცვალებადი ტენდენციაა. ვფიქრობ, სექტემბრიდან ბაზარი გააქტიურდება, სეზონურად ასეა ხოლმე”, - აცხადებენ კომპანიაში.
სარეკლამო კომპანია “ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოთხოვნა სატელევიზიო რეკლამის დამზადებაზე განახევრებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის ზაფხულის პერიოდს მიიჩნევს. ამასთან, დასძენს, რომ სარეკლამო ბიზნესისთვის წლის განმავლობაში ტენდენცია კლებისკენ იყო მიმართული.
“მთელი ზაფხულის განმავლობაში სიტუაცია ცუდი იყო. სარეკლამო ბაზარზე კლების ტენდენციაა და ეს მხოლოდ სეზონური პრობლემით არ არის გამოწვეული - სხვადასხვა მიზეზი აქვს. ქვეყანაში არ არის ფული, ფინანსური სახსრების პრობლემაა და ეს სარეკლამო ბიზნესზე პირდაპირ აისახება.
ჩვენი კომპანია სატელევიზიო რეკლამას ამზადებს. მოთხოვნა,შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრდა. რაც შეეხება დამკვეთს, კერძო კომპანიები უფრო აქტიურობენ, თუმცა ამ ბოლო დროს სახელმწიფო სეგმენტიც დაინტერესებულია. უფრო ტურისტული სფერო აქტიურობს, ამჟამადაც სამეგრელოს პოპულარიზაციის ამსახველ რეკლამაზე ვმუშაობთ.
შეიძლება, მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირდეს, მაგრამ გარკვეული ზრდა სექტემბრიდან მოსალოდნელი იქნება. ზოგადი მდგომარეობის შეცვლას მომავალი წლიდან უფრო შევძლებთ, რაშიც ინვესტიციები დაგვეხმარება”, - აცხადებენ “ფორმულა კრეატივში”.
სარეკლამო კომპანიებში ვარაუდობენ, რომ სიტუაცია შეიძლებაოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსწორდეს. სავარაუდოდ, ტენდენცია ზრდისკენ წავა.
მარკეტინგული კომპანია “ჯეპრას” ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სარეკლამო ბაზრის ბოლომდე გაჯანსაღება ვერა და ვერ მოხერხდა.
“ნათელია, რომ ღრმა დეპრესიიდან თავის დაღწევა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ამას ომისშემდგომ პერიოდში აცხადებდნენ. ფინანსური კრიზისი და რუსული აგრესია, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი ბარიერი გახდა. სარეკლამო ბაზარი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა და ინდუსტრიაში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე დარჩა.
გამოცოცხლება გაზაფხულიდან დაიწყო და საინტერესო ტენდენციებიც დაფიქსირდა: ინდუსტრიის ლოკომოტივებად გამოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებმაც შეძლეს საკუთარი საქმიანობის მკვეთრი დივერსიფიკაცია და აქცენტი მხოლოდ ერთ ან ორ სერვისზე არ გააკეთეს. თუ დააკვირდებით, წარმატებული სარეკლამო კამპანიებიც ჩატარდა და ამ კამპანიების წარმატების მიზეზი საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, ბრენდისადმი თუ პროდუქტისადმი მარკეტინგული კომუნიკაციების ინტეგრირებულად გამოყენება გახდა”, - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.
821
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85