ბნელეთი და მასთან მებრძოლები

ბნელეთი და მასთან მებრძოლები

                             

მცირე წინათქმა

რამოდენიმე სიტყვით მინდა მივმართო ჩვენი გამოცემის მკითხველებს და მისი ფორუმების მონაწილეებს:

მე არ მეგონა, თუ ამდენი ერთგული მკითხველი გვყავდა (ვგულისხმობ იმ მომენტს, როდესაც შსს-ს მიერ პრესა.გე-ს ხელში ჩაგდების და მისი შსს-ს ყმებისთვის ფეშქაშირების შემდეგ, ყოველგვარი რესურსი დავკარგეთ გარდა ადამიანურისა). ცალკე მინდოდა უდიდესი მადლიერება გამომეხეტა იმ თანადგომისა და „ჭირთა გაზიარებისათვის“, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ ჩემი მძიმე ავადმყოფობისას. მადლობელი ვარ უამრავჯერ გამოხატული გამოჯანმრთელების სურვულებისათვის.

რამდენადაც ხშირად მეკითხებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თავს მოვალედ ვთვლი გიპასუხოთ: ჩანს, ამ ეტაპზე კრიტიკულმა, სიცოცხლისათვის საშიშმა მომენტმა გაიარა (თუმცა, რას იტყვი დანამდვილებით ღვიძლში ბოლო ეტაპზე მყოფი ონკოლოგიური მეტასტაზის არსებობისას!?); კრიზისმა, რომელიც მაისში დაიწყო, უაღრესად მძიმე ზეგავლენა მოახდინა ორგანიზმზე, რაც გამოიხატა არა მხოლოდ შრომისუნარიანობის დაკარგვაში (ამიტომ არ დამიწერია აქამდე აღარაფერი), ისე - საერთო მდგომარეობის გაურესებაში, რაც სხვასთან ერთად, გამოიხატა გადაადგილების უნარის ნაწილობრივი დაკარგვით. ახლა მდგომარეობა ნელ-ნელა სწორდება და თანდათან უმჯობესდება შრომის ნაყოფიერება, უმჯობესდება გადაადგილების უნარიც. რამდენიმე თვეში, თუ ღმერთი ინებებს და სხვა არაფერი არ მოხდება, ვიმედოვნებ დავტოვო სავარძელი, რომელსაც „ინვალიდის ეტლი“ დავარქვი. მანამდე კი, შრომაღა დამრჩენია.

მოკლედ, ჩემს მკითხველებს უნდა ვუთხრა: დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მე დავბრუნდი! და მზად ვარ თქვენთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა სიმახინჯესთან. რაც შეეხება ბრძოლის უნარს და ჟინს, ის ოდნავადაც არ გამნელებია. უფრო - პირუკუ. ამას მკითხველი წარმოდგენილი ესედანაც დაინახავს.

უღრმესი პატივისცემით, კახა კაციტაძე - 3.09.2011

 

ბნელეთი და მასთან მებრძოლები

დღეს,  დღიდან დღემდე, საათიდან საათამდე, სულ უფრო საცნაური ხდება სააკაშვილის რეჟიმის მახინჯი მხარეები. სულ უფრო საცნაური ხდება, რომ საქართველოში რაღაც არა მხოლოდ დალპა და იშლება, არამედ შეუქცევადად ნადგურდება.

ვფიქრობ, მოვიდა დრო, დაიწყოს იმის გააზრება, რა ტიპის არსება, რა სახის მუტანტი, მონსტრი (ადამიანს ვერ ვუწოდებ) წარმოიქმნა სააკაშვილის რეჟიმის ტრანსფორმაციის პირობებში.

თავიდან ერთი შენიშვნა „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ თამარ ჩერგოლეიშვილის წერილის ერთ მონაკვეთზე, სადაც ავტორი წერს: „უკანასკნელმა მოვლენამ (წერილი 23 აგვისტოს დაიბებეჭდა), კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ამ ინსტიტუტების იმედი ვერ ექნებათ. სიბნელესთან ბრძოლაში ისინი (კონტექსტით ჩანს რომ იგულისხმება ქართული მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადება – კ.კ.) როგორც წესი, კონსპირაციის თეორიებს აგებენ, საბაბს ეძებენ, რის გამოც სულისკვეთების გაზიარებაზე უარს იტყვიან და ხელს დაიბანენ, ან უმწეობას იჩენენ, ანდაც ბარიკადის მეორე მხარეს დგებიან“.

მოკლედ „ტაბულა“ და მისი მამა - „თავისუფლების ინსტიტუტი“ - აწ მძიმე დღეში რომ არის, საქართველოს გვყოფს „თავისუფლების მებრძოლებად“ და „ბნელებად“.

„ბნელებს“, აწ მიშას ბრძნული მმართველობის პირობებში, აღარაფერი დაგვრჩენია გაქრობის გარდა.

საერთოდ, როდესაც ადამიანი უეცრად განაცხადებს - მე ადამიანი კი არ ვარ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ, რომელიც სიბნელეს ვებრძვიო, ბუნებრივად გაგიჩნდება კითხვა: თუ გაიარა ამ ადამიანმა კონსულტაცია მედიცინის ცნობილი სფეროს სპეციალისტებთან.

ასეთი კითხვის დასმის სურვილი კიდევ უფრო გაგიძლიერდება როდესაც ასეთ „მარგალიტსაც“ წაიკითხავ: „სინამდვილეს რომ თვალი გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ ანტილიბერალური ძალები გაუცნობიერებლად არ მოქმედებენ. მათ საკუთარი სიმართლის რწმენა და კონკრეტული იდეა ამოძრავებთმართალია ბნელი, მაგრამ ნათლად დასახული მიზნის მისაღწევად იბრძვიან.  ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება

ამასთან - „სიბნელის დამარცხებას, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს”.

მოკლედ, ჩვენ ვერ გაგვიგია და, საქართველოში თურმე მიდის გადამწყვეტი ბრძოლა  სიბნელესთან და ბნელ ძალებთან.

იბრძვიან საურონის ლაშქარი და ნათლითმოფენილი თეთრი საძმოს წევრები. თანაც, ამ ბრძოლაში თურმე თავისუფლების ბედი წყდება.

და ამ  სისულელეების, ამ მესიანისტურ, მართლაც რომ ბნელ, ფუნდამენდალისტურ თეზისებს ისვრიან ადამიანები, რომლებიც თავს არა მხოლოდ ლიბერალებს უწოდებენ, არამედ ლიბერალიზმის ფლაგმანებად მიაჩნიათ თავი და ინკვიზიციური მეთოდებით ცდილობენ ხელისუფლებასთან ერთად დაამკვიდრონ ის მახნჯი ღირებულებების სისტემა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ ლიბერარიზმს უწოდებენ.

სინამდვილეში, ისინი ფუნდამენტალისტები არიან, ასე ვთქვათ - ლიბერალ-ფუნდამენტალისტები, გაცილებით ბნელნი, ვიდრე ოდესღაც მათ მიერვე გაპიარებული ბასილი მკალავიშვილის მომხრეებს წარმოგვიდგენენ.

ბნელნი არიან არა მხოლოდ იმტომ, რომ არიან უმეცარ-უწიგნურები, არამედ, პირველ რიგში, მათი ბოღმიანი, შეუწყნარებელი, აგრესიული მიდგომების გამო; იმის გამო, რომ ამტკიცებენ თითქოს ერთადერთ ჭეშმარიტებას ისინი ფლობენ.

დიახ - ქართული საზოგადოება ებრძვის ასეთ სიბნელეს. სიბნელეს, რომელიც თავს ცოდნის სინათლედ წარმოგვიდგენს.

და ამ ბრძოლაში  მართლაც ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუგინდ იმ იდეის გამო, რომ ვერავის ექნება საბოლოო ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია.

მართლაც რომ სწორი ნათქვამია “აქ და ახლა, ბოროტება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ კარგი ადამიანები უქმად  (უფრო ზუსტად - უმოქმედოდ - კ.კ.) იქნებიან”.

ლიბერალ-ფუნდამენტალისტები, როგორც მანიქეველები

მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს, რომ უმაღლეს და საბოლოო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამბობს, რომ სამყარო ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლის ასპარეზია, სადაც თვით ისინი ნათლის მხედრების არიან, ხოლო ოპონენტები - ბნელები; რომ მიდის გადამწყვეტი ბრძოლა მათ შორის და კეთილებმა ნებისმიერი, თუგინდ უღირსზე უღირსი საქციელის ფასად უნდა გაიმარჯონ, მანიქოველობა ეწოდება.

„ტაბულას“ რედკოლეგიაში, კიდევ უნდა იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებსაც სამეფო კარზე ტაკიმასხარებად მუშაობის პერიოდში კვალიფიკაცია ბოლომდე არ დაუკარგავთ.

აღმოსავლეთში ჭეშმარიტების დაუფარავად მთქმელნი, ანუ ფილოსოფოსები, ჩვეულებრივ, სამეფო კარის მასხარები არიან. ჩვენთან სამწუხაროდ ფილოსოფოსთა მოზრდილი ნაწილი საკუთარი სურვილით იქცა სამეფო კარის მასხარებად.

ჰოდა ამ ფილოსოფოსყოფილმა ადამიანებმა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს უნდა აუხსნან ვინ იყო მანიქეველთა სექტა და რა სახით ვრცელდებოდნენ ისინი საქართველოში.

გიგა ბოკერია და ბინქარან მაცდური

ჩვენში მანიქეველობა გავცელებული ყოფილა  დაახლოებით 4-5 საუკუნეებში, ცნობილია მათი ერთი ლიდერთაგანის ბინქარან მაცდურის შესახებ. ახლა მანიქეველობის ლიდერობაზე პრეტენზიას გიგა ბოკერია აცხადებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების პარალელურად გადაწყვეტილი მაქვს დავწერო ისტორიული ბესტსელერი დენ ბრაუნის სტილში: ქართული მანიქეველობა – ბინქარან მაცდურიდან გიგა ბოკერიამდე. ვიმედოვნებ, მკითხველი ხელს გამიმართავს.

ეჰუს შესახებ

მაგრამ რა შუაშია და ვინ არის ეჰუ, რომლის გამოყვანასაც ჩვენი მანიქეველნი აპირებენ.

ეს არსება სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ პერსონაჟია, რომელსაც გულივერი მეოთხე მოგზაურობისას გადაეყრება კეთილშობილი ცხენისებური არსებების - ჰუინგმების ქვეყანაში.

ეჰუ (Yahoo) ზუსტად ემთხვევა ინტერნეტის საძიებელი სისტემის სახელს, რაც ამ სისტემის შემოქმედებმა სპეციალურად გააკეთეს - სეთი სრულყოფილი სისტემაა ეჰუსნაირი გონებასუსტიც კი გამოიყენებსო.

ეჰუები ადამიანისებრი ამაზრზენი არსებები არიან - გაველურებულები, ყოველგვარ ადამიანურ კულტურას მოკლებულნი.

ისინი ჰუინგმების ქვეყანაში ზღვით მოსულან, სადაც პარტნიორებს გადაუსვამთ და მიუტოვებიათ.

ორი ეჰუ მთებში დასახლებულა და გამრავლებულა, მაგრამ მათი შთამომავლები ძალიან გაველურებულან. გულივერი ვარაუდობს, რომ ეჰუები ინგლისიდან უნდა იყვნენ გამოსულები, თუმცა ეს დანამდვილებით არსაიდან ჩანს.

ეჰუები დაჯილდოებულნი არიან ადამიანური ნაკლოვანებებეის მთელი თაიგულით. სახელდობრ:

სიხარბე: „თუ ხუთ ეჰუს მოუტანთ 50-სთვის სამყოფ საკვებს, ისინი იმის ნაცვლად, რომ მშვიდად დაიწყონ ჭამა, იწყებენ ჩხუბს, რათა ყველაფერი ერთ მათ დარჩეს“

აგრესიულობა: „ეჰუებს შორის ბრძოლები ყოველგვარ ხილულ მიზეზს გარეშე იწყება. ეჰუები თავს ესხმიან მეზობელ ეჰუებს... წარუმატებლობის პირობებში ისინი შინ ბრუნდებიან და მტრის არყოფნის გამო ერთმანეთთა იწყებენ ბრძოლას“.

ხელისუფლება ეჰუებთან: „ჯოგების უმრავლესობას რაღაც ბელადების მაგვარიც ჰყავს... რომლებიც, როგორც წესი, მთელს ჯოგში ყველაზე მათხოჯები და ბოროტები არიან. ყოველ ასეთ ბელადს, ჩვეულებრივ, ჰყავს ფავორიტი, რომელიც ძალიან ჰგავს მას. ფავორიტის მოვალეობაა, ულოკოს ბელადს ფეხები და უკანალი და პერიოდულად მიჰგვარის ძუკნები ბუნაგში. სანაცვლოდ, მას პერიოდულად აჟილდოვებენ ვირის ხორცის ნაჭრით.

ბელადი ხელისუფლებაშია მანამ, სანამ არ გამოჩნდება უარესი; გადააგდებენ თუ არა ბელადს, ტომის ყველა ეჰუ მჭიდროდ შემოერტყმება გარს და თავიდან ფეხებამდე ამოსვრიან ფეკალიებში“.

ამ ჩვენთვის არცთუ უცნობი სურათის ხილვის შემდეგ გულივერს მძიმე ფიქრები შეიპყრობს: „როდესაც ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე, მეგობრებზე, თანამემამულეებზე ან, უბრალოდ, ადამიანთა გვარზე, ადამიანებში მათ შიდა წყობასა და გარეგნობაში ვხედავდი რანიც ისინი სინამდვილეში არიან: ეჰუები, შეიძლება მცირედ უფრო ცივილიზებულნი და მეტყველების უნარის მქონენი, მაგრამ მათი გონების გამომყენებლები იმ ბიწიერებათა გასამრავლებლად და გასაძლიერებლად, რომელიც მათ თანამემამულეებს გააჩნიათ“.

ჩვენი მანიქეველების ამოცანაა საქართველოში ადამიანთა ეჰუიზაციის პროცესი, რასაც თურმე ჩვენი საზოგადოების უმეცრება უშლის ხელს.

როგორც ვხედავთ, მიიღება კიდეც ზომები ქართველთა ეჰუიზაციის დასაჩქარებლად.

„თავისუფლების ინსტიტუტი“ იმედოვნებს, რომ ეს პროცესი აწი უფრო წარმატებულად წავა. ჩვენ საპირისპიროს იმედი გვაქვს. ისე, საბოლოო არჩევანი ჩვენივე გასაკეთებელია: უწიგნურ-მანიქეველური ეჰუიზაცია გვსურს თუ, ნორმალურ ადამიანებად დარჩენა?

P.S. პრეზიდენტი, რომლის ცოდნა, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გასააზრებლად და მისი ხელქვეითი მანიქეველი ეჰუზატორები პიეტიტით ახსენებენ სიტყვა „მოდერნიზაციას”, რომელიც მათ ადამიანური განვითარების მწვერვალი ჰგონიათ, რომელზეც საქართველო უნდა აიყვანონ.

არადა ახლა პოსტმოდერნის ეპოქაა, რომლის თვალსაწიერიდან მოდერნიზაცია ისეთივე მოძველებული რამაა, როგორც ბრტყელი დედამის არსებობა. არ იციან ეს, და იმის ნაცვლად, რომ მომავლისკენ - პოსტმოდერნის ეპოქისკენ გაგვიძღვნენ, როგორც დღევანდელობის კომპეტენტური და პასუხისმგებელი ლიდერები იქცევიან, წარსულისკენ, მოდერნის და მოდერნიზაციისკენ მიგვათრევენ, რომელიც საარაკო გაუნათლებლობიდან გამომდინარე, ვიმეორებთ, კაცობრიობის განვითარების ყველაზე ბოლო, მოწინავე საფეხური ჰგონიათ.

რატომ ვერ იგებენ ისინი ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას? იმიტომ რომ ეჰუიზირებულნი არიან და ირგვლივაც ეჰუიზაციას აფრქვევენ.

ასეთი ადამიანები კი მარად მოდერნის და მოდერნიზაციის სიბნელეში იქნებიან ჩარჩენილები და სხვა რეალობას ისევე უარყოფენ, როგორც პლატონის გამოქვაბულის მითის პერსონაჟები უარყოფენ ყოველგვარ რეალობას აჩრდილების რეალობის გარდა.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, აღკვეთოთ მოდერნიზაციის უწიგნური გამოცხადება კაცობრიობის უმაღლეს მიღწევად და ამ მოძველებული, გუშინწინდელი იდეოლოგიის დანერგვა საქართველოში. ხუმრობით თუ ვიტყვით: „არა მანიქეველურ მოდერნიზაცია-ეჰუიზაციას. გაუმარჯოს საქართველოს 21-ე საუკუნის პოსტმოდერნულ მომავალში“.