პროფკავშირები ქუთაისში დიდი გაფიცვის მოსაწყობად დაიძრა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ქუთაისში, შპს “ევრაზიანსთილსის” ქარხანა “ჰერკულესის” კოლექტივს შეხვდება. პროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაციას 3 დღეს აძლევენ. თუკი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებას არ დათანხმდება, “ჰერკულესში” სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.
სრულმასშტაბიან გაფიცვას ქარხნის კოლექტივი 13 სექტემბერს დაიწყებს და იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცვის გადაწყვეტილება დასაქმებულებმა საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობებისა და თანამშრომელთა პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლების გამო მიიღეს.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ქართველი მუშახელის შემცირება დაიწყო. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ ქარხნის ხელმძღვანელობას ინდოეთიდან სამუშაოდ 200 მუშა ჩამოჰყავს. სწორედ ამ მიზეზით ამცირებენ მეტალურგიულ ქარხანაში ადგილობრივ კადრებს.
„დღევანდელი ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ისედაც მწირ სამუშაო ადგილებზე ქართველების ნაცვლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქმდებიან. ქვეყნის და, კონკრეტულად, რაიონის ხელისუფლების ინტერესს საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობა უნდა აინტერესებდეს და არა – პირიქით“, – აღნიშნავენ “თავისუფალი საქართველოს” წევრები.
პროფკავშირებშიც ადaსტურებენ, რომ შექმნილ ვითარებაზე დიალოგის ნაცვლად ადმინისტრაციამ რეპრესიულ მეთოდებს მიმართა. ქარხანაში პროფკავშირული ორგანიზაცია წელს აგვისტოში დაფუძნდა და ეს გადაწყვეტილება მუშებმა არაადამიანური პირობების გამო მიიღეს. პროფკავშირის ინფორმაციით, ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულების და ბიულეტინის თანხის მიღება წარმოადგენს.
საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ ქარხანაში ადმინსიტრაციასა და მუშებს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს და ადამიანების მიმართ გაუგონარი დამოკიდებულებებია. “მუშებმა არც იციან, რამდენი აქვთ ხელფასი, როგორც ადმინისტრაციას აწყობს, ისე ხდება მუშის შრომის ანაზღაურება. მაისში ისე მოხდა, რომ მუშები საათობრივ ანაზღაურებაზე აიყვანეს, მაგრამ მომავალი თვიდან თვითნებურად გააუქმეს. მუშების ხელფასებს, როგორც უნდათ და რამდენიც თავად აწყობთ, ისე ანაწილებენ.
გაუგონარია, რაც “ჰერკულესში” ხდება, მაგრამ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ანალოგიური მდგომარეობაა მაღაროებშიც. პრობლემაა რუსთავის “ქართულ ფოლადში”. ზესტაფონის მეტალურგიულ ქარხანაში ცოტა უკეთესი სიტუაციაა. მუშებსა და ადმინსიტრაციას შორის ურთიერთობა მცირედით მაინც მოწესრიგდა, რაც მთავარია, მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარეობს”, - აცხადებს დოლაბერიძე.
მისი ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროებში პრევენციული ხასიათის ღონისძიებები დაიწყო. მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ ეს პროცესები ტყიბულში მაინც მიმდინარეობს. “ ამასწინათ შახტაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ბევრი უწესრიგობა აღმოაჩინეს. ადმინისტრაციას დაუდგინეს, რომ სასწრაფოდ მოხდეს იქ არსებული პრობლემების აღმოფხვრა. ადმინისტრაციაც მივიდა ამ აზრზე და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესები დაიწყო.
“ჰერკულესში” ამ მხრივ საშინელი ვითარებაა, კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ არსებობს. მუშების მიმართ დამოკიდებულება არაადამიანურია და ეს არის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი. უთანხმოება დღეს არ დაწყებულა, 2 წელია, გროვდება ეს მუხტი. ადმინისტრაციას არაფერი არ გაუკეთებია, თითი არ გაუნძრევია ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”, - ამბობს დოლაბერიძე.
გაერთიანებული პროფესიულ კავშირებში აცხადებენ, რომ მეტალურგიულ ქარხნებში მუშაობა სიცოცხლისთვის მაღალ რისკს შეიცავს და მაღაროელის საქმიანობაც საშიში პროფესიების ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველია. თუმცა, ამ ადამიანების დაცვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
893
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85