მთელი წელია საქართველოს საბანკო სექტორში დიდი ცვლილებებია. ასპარეზს პატარა მოთამაშეებთან ერთად, მსხვილი ინსტიტუტებიც ტოვებენ. საბანკო ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ მათ ადგილს სხვა დიდი ევროპული ბანკები დაიკავებენ, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. საქართველოს ბაზარი საფინანსო ორგანიზაციებით ისედაც გაჯერებულია, 18-19 ბანკი ასეთი პატარა ქვეყნისთვის ისედაც ბევრია, ამიტომ ახალი მოთამაშეების გამოჩენას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
ჯერჯერობით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ საბანკო ბაზარზე წლის ბოლოსთვის უცხოური ბანკების მორიგ შემოსვლას ვარაუდობენ. საქართველოს ბანკების ასოციაციაში არ აკონკრეტებენ, რომელ ბანკებზეა საუბარი, თუმცა მიანიშნებენ, რომ საუბარია როგორც აზიის, ასევე ევროპის მსხვილი ბანკებით ქართული საბანკო სექტორის დაინტერესებაზე.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საქართველოთი დაინტერესების თაობაზე განცხადება გერმანულმა კომერცბანკმა გააკეთა, თუმცა მას შემდეგ რაიმე ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩვენი საბანკო სექტორი საკმაოდ გაჯერებულია, ხოლო ბაზარი ერთობ მცირეა, შესაძლოა, მსხვილი მოთამაშეები საქართველოში შემოსავლაზე თავს ამიტომაც იკავებდნენ.
ბანკების რაოდენობის ზრდაზე საუბარი ნაადრევია მაშინ, რომედსაც ქვეყნიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბანკი მიდის. HSBC საქართველოს ტოვებს, რადგან მან თავისი ინტერესები ამოწურა და ამიტომაც წავიდა. HSBC-ის წარმომადგენლების განმარტებით, ბანკმა გადაწყვეტილება გლობალური სტრატეგიის ცვლილების შედეგად მიიღო, რაც მაისში ჯგუფის მიერ პორტფელის გადახედვის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეფუძნება. ბანკის საბოლოოდ დახურვა 2012 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას თქმით, HSBC-ის საქართველოდან წასვლა საერთო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ეს ნეგატიური ფაქტი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ბანკს მყარი პოზიციები არ გააჩნდა და არ ჰქონდა მკვეთრი ინტერესი ბაზრის მიმართ.
“HSBC მუშაობდა კორპორაციულ კლიენტებთან, კომპანიებს ემსახურებოდა და არ იყო საცალო ბაზარზე. ჩანს, მან ამოწურა თავისი ინტერესები და ამიტომ გადაწყვიტა ბაზრიდან გასვლა. სხვა მიზეზი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან ქართულ საბანკო სივრცეში ისეთი მდგომარეობა არ გვაქვს, რომელიმე სუბიექტისთვის პოზიცია არამყარი იყოს”, - აცხადებს ელიავა.
პირველი, რაც შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს, ახალი მოთამაშის გამოჩენაა. “უფრო იმას ვფიქრობ, რომ სანაცვლოდ სხვა უცხოურ ბანკს მოუნდება საქართველოში შემოსვლა. საერთოდ, რაც მეტად განუვითარებელია ქვეყანა, მეტია ბანკების რაოდენობა. მაგალითად, ავღანეთში 23 ბანკია. საქართველოსთვის 19 ბანკი ისედაც ბევრია. რაც ნაკლები დარჩება, მით უფრო ადვილად სამართავია ბაზარი და პოზიციებიც მეტად მყარი იქნება”, - აცხადებს ლია ელიავა.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი კი დაუფარავად აცხადებს, რომ HSBC საქართველოში სერიოზულ ბანკად უნდა ქცეულიყო, არსებული მოთამაშეებისათვის კონკურენცია უნდა გაეწია, რასაც დიდი კაპიტალდაბანდებები სჭირდებოდა. ბანკი, შესაძლოა, მიხვდა, რომ საქართველოში ამ კონკურენციის გაწევა გაუჭირდებოდა, ამიტომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. გვასალიას განმარტებით, HSBC წასვლა არ ნიშნავს, რომ საქართველოში ცუდი საინვესტიციო გარემოა.
850
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85