გაზის პრინცესას დასასრული

გაზის პრინცესას დასასრული

ტიმოშენკოს საქმე ბრიუსელისთვის დილემაა: საკმაოდ რელურია ის, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროცესი მისთვის გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდება და პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამ ფორმით კონკურენტს მოიშორებს. თუმცა ამ საჩვენებელი პროცესის გამო ევროკავშირი კიევთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება, რითაც მას მოსკოვისკენ უბიძგებს.

როდესაც ერთი წლის წინ, კიევში, დაპატიმრებები დაიწყო და ტიმოშენკოს თანამებრძოლები, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე დააპატიმრეს, ამ 50 წლის ქალბატონს საკუთარი გამარჯვების ჯერ კიდევ სჯეროდა. „გაბედონ და ჩემთანაც დაიჭირონ საქმე“ – განაცხადა მაშინ ოპოზიციის ლიდერმა.

ახლა ისინი (მილიციონერები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც დღევანდელ დღეს მის კონკურენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ექვემდებარებიან) სწორედ ამას აკეთებენ. კიევში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ტიმოშენკოს პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო ხელისუფლებას სურს იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ ტიმოშენკოს მისი პრემიერობის პერიოდის კორუფციისა და მაქინაციების გამო ასამართლებს. თუმცა, სინამდვილეში მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება – თითქოს მან 2009 წელს რუსეთთან გაზის შესახებ მოლაპარაკებების დროს „განკარგულება“ გამოსცა, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. ახლა მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება – უარეს შემთხვევაში ათი წელი, და უკეთესში – შვიდი. უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკის აზრით, ტიმოშენკოს დანაშაული უკვე დამტკიცებულია.

კიევში მიმდიინარე პროცესი, პირველ რიგში დილემის წინაშე ევროკავშირს აყენებს. თავდაპირველად, ბრიუსელს და კიევს ასოცირებულ წევრობაზე ხელშეკრულების განხილვის დასრულება წელს უნდოდათ. თუმცა, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეოპოლიტიკური უწყების მდივანი ვერნერ ჰოიერი, აცხადებს, რომ ეს პროცესი „უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის სერიოზული დაბრკოლება გახდება“. კვირის ბოლოს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაელ შპინდელეგერმა კიევი გააფრთხილა, არ მოეწყო „საჩვენებელი პროცესი“. მაგრამ თუკი ბრიუსელი იანუკოვიჩზე ზეწოლას გააძლიერებს და ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, ეს კიევს სავარაუდოდ მოსკოვისკენ უბიძგებს. ამიტომ, ევროპა აფრთხილებს იანუკოვიჩს, რომ არ დაუშვას ტიმოშენკოს მიმართ „შურისძიება“, მაგრამ იმავდროულად მან მოქნილად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ ერთგვარი მსუბუქი დაახლოების შემდეგ, ურთიერთობები მკვეთრად არ გაუარესდეს. ამ პირობებში ევროკავშირი არ აჩქარდება და ტიმოშენკოს სერიოზულად მხარს არ დაუჭერს.

კრემლი გაღიზიანებულია

ტიმოშენკოს უკრაინაში „გაზის პრინცესას“ ეძახიან, რადგან თავის დროზე ის უკრაინის გაუმჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის მართვის სადავეებს ფლობდა. მაგრამ ახლა, კიევის ახალი მმართველებისთვის ის პაიკია, რომელსაც მოსკოვთან გაზზე მოლაპარაკებებს მსხვერპლად შესწირავენ, ხოლო ამ პროცესზე გამამტყუნებელი განაჩენი თითქოს იანუკოვიჩის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაზის ფასებთან დაკავშირებით მოსკოვი დათმობაზე წამოიყვანოს.

თუკი ტიმოშენკოს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან გაზზე მოლაპარაკებებში უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლებენ, მაშინ მიღწეული შეთანხმებაც, როგორც კიევში ფიქრობენ, მოწყვლადი გახდება. უკრაინულ მხარეს რუსეთის ბუნებრივ გაზზე ფასის შემცირება და იმ პირობების შეცვლა სრუს, რომელიც რუსეთთან ამ სფეროში მოქმედებს. უკრაინა ამავდროულად იმედოვნებს, რომ შესყიდული გაზის მოცულობას, რაც დღეს წელიწადში 40 მილიარდი კუბომეტრია, 27 მილიარდ კუბომეტრამდე შეამცირებს. უახლოეს წლებში, უკრაინა ფიქლის გაზის საკუთარი საბადოების დამუშავებას და თანმიმდევრულად რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.

კრემლი გაღიზიანებულია – ფასებზე შეღავათის იმედი კიევს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუკი ის რუსეთთან კავშირებს განამტკიცებს. დაუშვებელია, რომ უკრაინა მუდმივად სარგებლობდეს შეღავათებით მოსკოვისგან, განაცხადა უკმაყოფილო დიმიტრი მედვედევმა. „ჩვენი წინადადება ძალიან გასაგებია“ – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა. „თუკი თქვენ ფასდაკლება გსურთ, ინტეგრაციული სივრცის ნაწილი უნდა გახდეთ“. რუსეთი თანახმაა უკრაინას გაზი იაფად მიაწოდოს იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი გახდება მოსკოვის მხრიდან კონტროლირებადი საბაჟო კავშირის წევრი. ამ კავშირში შედიან ასევე ყაზახეთი და ბელორუსი.

გაზით მომარაგების უფრო მომგებიანი პირობებისთვის ბრძოლაში, კიევი ბოლო დროს მოქნილ ფანდებს იყენებს – მთავრობას კომპანია „ნაფტოგაზის“ გაუქმება და მოსკოვთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება სურს.

ნარინჯისფერი რევოლუციის გმირის ბრწყინვალება ქრება

იულია ტიმოშენკო თავის ყველა გამოჩენას სასამართლოში წარმოდგენად აქცევს. მუდმივი ღიმილით ის ცდილობს წინასწორობა დააკარგვინოს მოსამართლე როდიონ კირეევს და მას „თავხედ დამნაშავეს“ უწოდებს, რომელიც თავად უნდა იჯდეს ციხეში, რადგან პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობა, მისი აზრით, „კრიმინალური ბანდაა“. თუმცა ტიმოშენკოს მცდელობა, ეს სასამართლო პროცესი მის გავლენიან კონკურენტთან ანგარიშსწორების ველად გადაექცია, მარცხით დასრულდა. ნარინჯისფერი რევოლუციის გმირის ბრწყინვალება ქრება. 2001 წელს ტიმოშენკო იანუკოვიჩის პოლიტიკური დამრიგებლის ლეონიდ კუჩმას რეჟიმის დროს იყო დაპატიმრებული. იზოლატორში გატარებული 42 დღის შემდეგ, უკრაინის პარლამენტში მან უზარმაზარი სიმპათია მოიპოვა. მაგრამ „იულია ტიმოშენკოს ბლოკი“-ს მხარდაჭერა ამ წლის მაისის შემდეგ აღარ იზრდება და მხოლოდ დაახლოებით 14%-ს შედგენს.

იმავდროულად გამამტყუნებელი განაჩენი სულ უფრო რეალური ხდება, რადგან ტიმოშენკოს სასარგებლოდ საქმის დასრულება იანუკოვიჩის პრესტიჟის საკითხია. „როგორც ჩანს, ტიმოშენკოს ციხეში გამოკეტავენ“, – ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ვიქტორ ნებოჟენკო. უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის ყოფილი ფედერალური პრეზიდენტის რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის და ვაცლავ ჰაველის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლე კირეევი ამ საქმეს მისი სამუშაო დროის 10 საათს უთმობს. თუკი კიევის სასამართლო „განაგრძობს დაცვის ყველა შუამდგომლობაზე“ უარის თქმას, პროცესი შეიძლება ამ კვირაშიც დასრულდეს, აცხადებს ტიმოშენკოს ადვოკატი იური სუხოვი. ნასამართლეობის გამო, ტიმოშენკო როგორც პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში იანუკოვიჩი გათავისუფლდება მისი ყველაზე ნიჭიერი და ჯერ კიდევ სახიფათო კონკურენტისგან.
foreignpress.ge