მცირე მეწარმეთა ახალი თავის ტკივილი

მცირე მეწარმეთა ახალი თავის ტკივილი

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე საქართველოში კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი ამოქმედდა. შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებლად მოქმედი ინსპექტორები საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ და კანონდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმებსაც წერენ, თუმცა გადახდილ ჯარიმებთან ერთად იზრდება უკმაყოფილო მეწარმეთა რაოდენობაც. მათი თქმით, კერძო ინსპექტორები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მეწარმე დააბნიონ და დაშვებული შეცდომის პასუხად ჯარიმა დააკისრონ. რატომ შეიქმნა კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი და ვინ ანაზღაურებს მათ შრომას?

ხანდახან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ შემოსულა რამდენიმე ადამიანი და უცდიათ გამყიდველის დაბნევა და მახეში გაბმა...

40 წლის ლევანს მცირე ზომის მაღაზია აქვს გახსნილი თბილისის ძველ უბანში მდებარე ერთ-ერთი შენობის სარდაფში. ვაჭრობს ძირითადად სურსათით, თამბაქოს ნაწარმითა და გამაგრილებელი სასმელებით.

„ქვითარს ვაძლევთ ყველა მომხმარებელს, ვინც კი შემოდის. 5-თეთრიანი საღეჭი რეზინი რომ შეიძინოს, მაშინაც კი ვაძლევთ ქვითარს, მაგრამ ხანდახან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ შემოსულა რამდენიმე ადამიანი და უცდიათ გამყიდველის დაბნევა და მახეში გაბმა.“

ამგვარი მცდელობები, როგორც მცირე მეწარმეები ამტკიცებენ, განსაკუთრებით გახშირდა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი ამოქმედდა. აი, რა უამბო სააგენტო "საქინფორმს" ვარკეთილის მეტროსთან მდებარე მაღაზიის გამყიდველმა ლიანა შიოშვილმა:

„ორი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა. ერთმა სიგარეტი მოითხოვა, ათლარიანი მომაწოდა, ვიდრე ხურდას მივუბრუნებდი, მეორემ დახლ-მაცივრიდან ორი ნაყინი აიღო, ლარი მაგიდაზე დამიდო და გავიდა მაღაზიიდან, მან კი, ვინც სიგარეტი იყიდა, ხურდა დავუბრუნე თუ არა – ნაყინზე ჩეკი არ ამოგირტყამთო, მოწმობა მაჩვენა და ჯარიმის ოქმი შემიდგინა.“
შემოსავლების სამსახურმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და გაუშვა ინსპექტორები მეწარმეების დასატერორებლად...

საპილოტე პროგრამა „კერძო ინსპექტორი“ სამი თვის წინ ამოქმედდა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ახალ სამსახურში 20-მდე ადამიანი დასაქმდებოდა, მოგვიანებით კი კერძო ინსპექტორთა რიცხვი 300-მდე გაიზრდებოდა.

„საგადასახადო ინსპექტორებზე მოხდება გარკვეული ფუნქციების დელეგირება შემოსავლების სამსახურიდან. ეს ფუნქციები იქნება დაკავშირებული სალარო-საკონტროლო აპარატების გამოყენებასთან, სალაროს ქვითრის გაცემასთან და ქვითარში სწორი ინფორმაციის შეტანასთან.“

შემოსავლების სამსახურმა, კერძო საგადასახადო ინსპექტორობის მსურველები კონკურსის წესით შეარჩია. კანონის შესაბამისად, ინსპექტორები თვითდაფინანსებაზე იმყოფებიან და, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველი დარიცხული ჯარიმიდან, ანზაღაურების სახით, 20 პროცენტს იღებენ. ამ ინფორმაციის შემოწმების მიზნით რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ინსპექტორების ამგვარ საეჭვო აქტიურობას მარტივი ახსნა მოეძებნება. ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ხელფასის ჯარიმაზე მიბმით შემოსავლების სამსახური ინსპექტორებს მეწარმეების დაწიოკებისკენ უბიძგებს.

„ინსპექტორი ყველა ხერხით ეცდება დაჯარიმებას, თუნდაც მოტყუებით დაჯარიმებას. გამოწერს-500 ლარიან ჯარიმას და აქედან მიიღებს ხელფასის სახით 100 ლარს. შემოსავლების სამსახურმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და გაუშვა ინსპექტორები მეწარმეების დასატერორებლად“, - უთხრა მერაბ ჯანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მეწარმეები კი მართლაც უფრთხიან ტერორს. ლევანი, თბილისის ძველ უბანში მდებარე მაღაზიის მფლობელი, ამბობს, რომ ნებისმიერი ზედმეტი ხარჯი - მათ შორის ჯარიმა - მძიმე ტვირთად აწვება მის ბიზნესს: „ჯარიმები პატარა არ არის. ქვითარს არ გასცემ და 500-ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ არ გავებათ მახეში.“

მეწარმეებს მართლაც მწირი არჩევანი აქვთ: უნდა იყვნენ ან უკიდურესად ყურადღებით, ან ჯარიმის სახით გადაიხადონ 500 ლარი, ანდა მიმართონ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს, რომელიც, მაღალი ალბათობით, თავის, ანუ შემოსავლების სამსახურის პირმშოს, კერძო ინსპექტორს დაუჭერს მხარს.