სამნიშნა პენსიით თავგზაარეულები

სამნიშნა პენსიით თავგზაარეულები


მთავრობა სამნიშნა პენსიით თავს იწონებს და დღემუდამ 100-ლარიანი პენსიის ხსენებაშია, მაგრამ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ამ კუთხით ერთ-ერთი ღრმა აუტსაიდერია.ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს ჩვენ არა მარტო საარსებო მინიმუმის მაჩვენებლით ჩამოვრჩებით, არამედ პენსიის საბაზისო ოდენობითაც.

პენსიონერებისა და სოციალური ფონდების საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, შრომითი პენსიის საბაზისო ოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველომე-8 ადგილს იკავებს. საქართველოში შრომითი პენსიის საბაზისო ოდენობა 48.61 აშშ დოლარს შეადგენს.

პენსიონერებისა და სოციალური ფონდების საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, შრომითი პენსიის საბაზისო ოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი ყაზახეთს უჭირავს,სადაც საბაზისო პენსია 164,19 დოლარია, დაახლოებით, 270 ლარი.რაც შეეხება ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს, ის 109-110 დოლარით განისაზღვრა, რაც 174 ლარს უდრის.

რეიტინგში მეორე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, სადაც საბაზისო პენსიის ოდენობა 108,07 დოლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი- 156 მანათი, დაახლოებით 330 ლარია.
მესამე ადგილზე გავიდა რუსეთი, სადაც პენსია 102,43დოლარია. რაც შეეხება ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს, რუსეთში ის 6473 რუბლია, რაც დაახლოებით 388-390 ლარს შეადგენს.

უკრაინაში საბაზისო პენსია 95,85 დოლარია, საარსებო მინიმუმი კი - 118 დოლარი. რეიტინგში უკრაინას ბელორუსი მოჰყვება, სადაც პენსიის ოდენობა 86,84 დოლარია, ერთიშრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი 100 დოლარს უტოლდება.
საბაზისო პენსია საქართველოზე მაღალია უზბეკეთსა და მოლდოვაში. უზბეკეთში ის 64,42 დოლარს შეადგენს, მოლდოვაში კი- 56,55 დოლარს. მერვე ადგილი ერგო საქართველოს. ჩვენთან საბაზისო პენსია 48,61 დოლარია. საქართველოს მოჰყვება მეზობელი სომხეთი, სადაც პენსიის ოდენობა 28.57 დოლარს შეადგენს. მეათეზე ადგილზეა ყირგიზეთი, სადაც პენსიის საბაზისო ოდენობა 22,27დოლარს შეადგენს. ყირგიზეთში ასევე დაბალია საარსებო მინიმუმიც,თუმცა ჩვენგან განსხვავებით იქ პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალია და 20 დოლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი პენსია კი ტაჯიკეთშია - 16,83 დოლარი.

ამასთან, ექსპერტული გაანგარიშებით ქართველი პენსიონერების პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 14%-ია (1988 წელს - 41% იყო),საარსებო მინიმუმის კი - მხოლოდ 55%. ეს ციფრები კი იმ ყოფაზე მიუთითებენ, რომელშიც ქართველი პენსიონერები იმყოფებიან.მათივე თქმით, საქართველოში ფასების ზრდის შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პენსია 25%-თ შემცირდა.
მთავრობას კი ასეთი უარყოფითი რეიტინგებისა და ინფლაციის ნეგატიური გავლენის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი აქვს -შიგადაშიგ პენსიის 5-5 ლარით მატება. ამ დაჩლუნგებულ იარაღს მთავრობა ერთი კვირის შემდეგ აამოქმედებს და ნომინალურ პენსიას 100 ლარამდე დაამრგვალებს. ამ დრომდე მინიმალური პენსიის ოდენობა რეგიონებში - 80 ლარი, თბილისში კი - 90 ლარია, რასაც სტაჟის მიხედვით 7-10 ლარი ემატებოდა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა მარღულია მიიჩნევს,რომ 100 ლარიანი პენსია მსყიდველობითი უნარით შესაძლოა,წელიწადნახევრის წინ გაზრდილ 80 ლარიან პენსიასაც კი ვერ გაუტოლდეს.

“პენსიის მატება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ ის ფაქტი გვაინტერესებს, მოხდება თუ არა 100 ლარიანი პენსიით პენსიონერთა მდგომარეობის გაუმჯობესება, თვალი ბოლო დროს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებასა და ინფლაციის დონეს უნდა გადავავლოთ.

თუ ამ კუთხით ბოლო დროის მონაცემებს დავაკვირდებით,გამოდის, რომ დღევანდელი 100 ლარით პენსიონერებმა არათუ პირველადი მოხმარების მეტი პროდუქტი, არამედ შესაძლოა, უფრო ნაკლების შეძენაც კი ძლივს შეძლონ, ვიდრე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაზრდილი 80 ლარიანი პენსიით შეეძლოთ.აქედან გამომდინარე, პენსიის გაზრდით პენსიონერთა მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურად არ მომხდარა და ამ მხრივ წინ კი არ წავედით, იმ მდგომარეობას დავუბრუნდით, რომელიც წელიწადნახევრის წინ პენსიის 80 ლარამდე გაზრდამ განაპირობა, უბრალოდ, უკან სვლა შევაჩერეთ”, - განაცხადა მარღულიამ.